ევროპისთვის მეტი ნავთობის მისაწოდებლად, აშშ ვენესუელაზე სანქციებს შეამსუბუქებს

შეერთებული შტატები გეგმავს, შეამსუბუქოს ვენესუელასთვის ნავთობზე დაწესებული სანქციები, რათა გაზარდოს ნედლი ნავთობის მიწოდება ევროპაში.

Bloomberg-ის ინფორმაციით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მისცემს საშუალებას ევროპულ კომპანიებს, რომლებიც ჯერ კიდევ მოქმედებენ ვენესუელაში, დაუყოვნებლივ გადაიტანონ მეტი ნავთობი კონტინენტზე, ხოლო ამერიკულ ენერგოკომპანია Chevron-ს მისცემს უფლებას, მოლაპარაკება აწარმოოს ქვეყანაში ოპერაციების განახლების მიზნით. ამ ნაბიჯს მხარს უჭერს აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი ვენესუელის ოპოზიცია.

სანქციების შემსუბუქება ხდება მაშინ, როდესაც ნავთობის გლობალური მარაგების შემცირება მკვეთრად ზრდის ნავთობისა და საწვავის ფასს.  ვენესუელადან მეტი ნავთობის გატანა ხელს შეუწყობს მიწოდების კრიზისის შემსუბუქებას და ასევე დაეხმარება ევროპას, შეამციროს რუსეთის ენერგეტიკაზე დამოკიდებულება უკრაინაში შეჭრის ფონზე.

ნაბიჯი პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს მთავრობასა და აშშ-ს მხარდაჭერილ ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების ხელშეწყობას ისახავს მიზნად, რაც პოლიტიკურად საკამათოა. ზოგიერთი კანონმდებელი ამტკიცებს, რომ ეს ნაბიჯი მხოლოდ აძლიერებს მადუროს რეჟიმს.

იტალიის Eni SpA და ესპანეთის Repsol-ი არიან მსხვილი ევროპული ნავთობის მწარმოებლები, რომლებიც ვენესუელაში ოპერირებენ. ისინი მუშაობენ ბაიდენის ადმინისტრაციასთან ვენესუელის ნავთობის ევროპაში გადამისამართებაზე.

მიუხედავად იმისა, რომ Chevron-ს ამჟამად არ აქვს ვენესუელაში ნავთობის მოპოვების ან ექსპორტის უფლება, ვენესუელის სახელმწიფო კომპანია PDVSA-სთან მოლაპარაკებების განახლება გზას უხსნის “სან-რამონს”, კალიფორნიის შტატში დაფუძნებულ კომპანიას, მიიღოს ახალი ლიცენზია საქმიანობის განახლებისთვის.

ვენესუელას ვიცე-პრეზიდენტმა, დელსი როდრიგესმა დაადასტურა, რომ აშშ-ის მთავრობამ ნება დართო ამერიკულ და ევროპულ ნავთობკომპანიებს, დაიწყონ მოლაპარაკება და განაახლონ ოპერაციები ვენესუელაში.

წყარო; “ბიზნესფორმულა” 

Leave a Reply

Menu Title