ევროკავშირი ეგვიპტესთან და ისრაელთან გაზის მიწოდების შეთანხმებაზე მუშაობს

ევროკავშირი მუშაობს შეთანხმების მიღწევაზე ეგვიპტესთან და ისრაელთან ბუნებრივი აირის მიწოდების მოცულობის გაზრდასთან დაკავშირებით, რათა შეამციროს რუსეთზე დამოკიდებულება. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.

სააგენტოს ხელთ არსებული დოკუმენტების თანახმად, ისრაელი მილსადენით გაზრდის ეგვპიტეში გაზის მიწოდებას, სადაც უკვე მოხდება მისი გათხევადება და იქედან გათხევადებული სახით ევროპისთვის მიწოდება. როგორც სააგენტო აღნიშნავს, შეთანხმება ახალ ბაზარს გაუხსნის ისრაელს.

ისრაელში გაზის შიდა სამომხმარებლო ფასი ბევრად დაბალია, ვიდრე ევროპის ქვეყნებში. აქ გაზის წარმოება დღეისათვის კონცენტრირებულია შიდა მოხმარების დაკმაყოფილებაზე, ასევე მეზობელ ეგვიპტესა და იორდანიაში ექსპორტზე. ბოლო წლებში კაირო გაზით თვითმომარაგებაზე გადავიდა, თუმცა გაზსადენი, რომელიც ეგვიპტესა და ისრაელს აკავშირებს, შესაძლოა, გამოყენებულ იქნას ამ საწვავის მიწოდების გასაზრდელად ევროპისთვის. ამისთვის საჭირო იქნება ეგვიპტის იდკუსა და დუმიატეში ქარხნების ამუშავება, რომლებიც ბუნებრივ აირს თხევადად გადააქცევენ. ამ ქარხნების ჯამური საპროექციო სიმძლავრე შეადგენს 44,5 მლნ კუბ მ-ს დღეღამეში. როგორც სააგენტო წერს, მსგავსი სცენარი მეტად მიზანშეწონილია, ვიდრე ახალი გაზსადენების მშენებლობა, ისრაელის საბადოებიდან ევროპულ გაზგადამამუშავებელ ცენტრებთან.

ცნობისთვის, რუსულ ბუნებრივ აირზე ევროპული ემბარგო უკრაინაში ომის დაწყების დღიდან განიხილება. ამ მიზნით ევროკომისია ამზადებს სანქციების მეექვსე პაკეტს, რომელმაც მინიმუმამდე უნდა დაიყვანოს რუსული ენერგომატარებლების იმპორტი ევროპაში უკვე 2023 წლისთვის.
წყარო: bpn.ge

Leave a Reply

Menu Title