მიხაილ ულიანოვი რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვაზე – რუსეთი სხვა იმპორტიორებს იპოვის

ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი, მიხაილ ულიანოვი ევროკავშირის მიერ რუსეთის ნავთობის იმპორტზე დაწესებულ ემბარგოს ეხმიანება და აცხადებს, რომ მოსკოვი სხვა იმპორტიორებს იპოვის.

ულიანოვმა „ტვიტერზე“ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის პოსტი გააზიარა და დაწერა: „როგორც მან სწორად აღნიშნა, რუსეთი სხვა იმპორტიორებს იპოვის“.

„აღსანიშნავია, რომ ახლა ის ეწინააღმდეგება საკუთარ განცხადებას. აზროვნების ძალიან სწრაფი ცვლილება მიუთითებს იმაზე, რომ ევროკავშირი არ არის კარგ ფორმაში“, – დაწერა ულიანოვმა.

შეგახსენებთ, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ ევროკავშირი იძულებულია იყიდოს ნავთობი რუსეთისგან.

„თუ მასზე უარს ვიტყვით, პუტინი იპოვის მყიდველებს სხვა ბაზარზე და შეძლებს გამოიმუშავოს უფრო მეტი, პროდუქტზე ფასი კი გაიზრდება,”- აღნიშნა მან.

რამდენიმე საათის წინ კი ევროკავშირის ლიდერები რუსული ნავთობის იმპორტზე ემბარგოს დაწესების კომპრომისულ ვარიანტზე შეთანხმდნენ, რომელიც ნავთობის იმპორტის ორ მესამედზე მეტის აკრძალვას ითვალისწინებს. თავდაპირველად აკრძალვა არ შეეხება მილსადენებით იმპორტირებულ რუსულ ნავთობს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, სანქციები დაუყოვნებლივ აისახება რუსული ნავთობის იმპორტის 75%-ზე, ხოლო იმპორტირებული რუსული ნავთობის 90%-ი წლის ბოლომდე აიკრძალება.

წყარო: interpressnews.ge

Leave a Reply