კრემლი: რუსეთი ცდილობს, შეამციროს ნავთობზე ემბარგოთი გამოწვეული ზიანი

რუსეთმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ცდილობს, შეამციროს ნავთობის ექსპორტზე ევროკავშირის მიერ დაწესებული აკრძალვით გამოწვეული ზიანი.

ევროკავშირმა ორშაბათს გამართულ სამიტზე რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო დაუწესა სანქციების მეექვსე პაკეტი, რომელიც, სხვათა შორის, ითვალისწინებს რუსეთის ნავთობის უდიდესი ნაწილის ექსპორტის აკრძალვას. გამონაკლისი გაკეთდა ნავთობსადენით ნავთობის ტრანსპორტირებისთვის.

„სანქციებს უარყოფითი შედეგი ექნება ევროპისთვის, ჩვენთვის და მთელი მსოფლიოს ენერგეტიკული ბაზრისთვის“, – თქვა კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.

მან დასძინა, რომ მიმდინარეობს „რეორიენტაცია“ ნავთობისთვის, რომელიც აღარ მიეყიდება ევროპას.

„ეს არის მიზანმიმართული, სისტემური მოქმედებები, რომლებიც საშუალებას მოგვცემს, მინიმუმამდე დავიყვანოთ უარყოფითი შედეგები“, – თქვა პესკოვმა.

მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 24 თებერვალს ჯარები გაგზავნა უკრაინაში, რუსეთის ეკონომიკას და ფინანსურ ინსტიტუტებს მკაცრი სანქციები დაუწესა მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ. ასევე სანქციები დაუწესეს რუსეთის ისტებლიშმენტის წამყვან წარმომადგენლებს, მათ შორის თავად პუტინს.

როგორც დასავლეთის პრესა იტყობინება, ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (OPEC) წევრები განიხილავენ ნავთობის მოპოვების თაობაზე შეთანხმებაში რუსეთის მონაწილეობის შეჩერების შესაძლებლობას.

ანალიტიკოსთა თქმით, ორგანიზაციიდან რუსეთის გარიცხვა შედეგად მოიტანდა იმას, რომ ნავთობის უდიდესი მწარმოებლები, მაგალითად, საუდის არაბეთი, ბევრად მეტ ნავთობს გაიტანდნენ მსოფლიო ბაზარზე.

ორშაბათსვე რუსეთის ენერგოგიგანტმა, სახელმწიფო კომპანია „გაზპრომმა“ განაცხადა, რომ ყოფილი საბჭოთა სივრცის გარეთ გაზის ექსპორტი 25%-ზე მეტით დაეცა ევროპელი კლიენტების დაკარგვის შემდეგ. ამასთან, კომპანიამ აღნიშნა, რომ იზრდება ჩინეთისთვის გაზის მიწოდება.

წყარო: radiotavisupleba.ge

Leave a Reply