რევაზ ვაშაკიძე: ბიზნესისთვის გაზის გადასახადი სამომხმარებლოზე ძვირი არ უნდა იყოს

ქათმის ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ჩირინას” დამფუძნებელი რევაზ ვაშაკიძე „ბიზნესპარტნიორთან“   კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდის და აცხადებს, რომ კარგი იქნება, თუ ქვეყანაში წყალმომარაგებისა და ენერგეტიკის სფეროში  კომერციული და ფიზიკური პირებისთვის არსებული ტარიფები განსხვავებული არ იქნება.

მისი განცხადებით, ევროპის ქვეყნებში გაზის სამომხმარებლო და კომერციული ტარიფი გათანაბრებულია, რუსეთში კი პირიქითაა, ორგანიზაციები ფიზიკურ პირებზე ნაკლებს იხდიან.

„ამ ქვეყნებში წარმოებული პროდუქციის თვითღირებულება ნაკლებია, საბოლოო ჯამში კი იქ ბევრად იაფად იყიდება კონკრეტული პროდუქტები ვიდრე ჩვენთან. ამ ნაწილში ჩვენი მიდგომა არასწორია,“ – აცხადებს ვაშაკიძე.

მისი ინფორმაციით,  „ჩირინა“ ბუნებრივი აირის საკმაოდ დიდი მომხმარებელია. თვეში კომპანია დაახლოებით 400 000 ლარის ღირებულების გაზს მოიხმარს.

როგოც ვაშაკიძე აცხადებს, ივლისიდან, მას შემდეგ რაც  კომპანია გაძვირებული გაზის მომხმარებელიო გახდება, „ჩირინას“ ყველა პროდუქციაზე ფასები დაახლოებით 7%-ით გაიზრდება.  ვაშაკიძე აცხადებს, რომ დღეს „ბიუს-ბიუს“ 1 კილოგრამი ქათმის ხორცის გასაყიდი  ფასი  8 ლარია.

შპს „ჩირინა” 2011 წელს ბიზნესმენმა რევაზ ვაშაკიძემ დაარსა. დღეისათვის ის ყველაზე დიდი, ვერტიკალურად ინტეგრირებული მეფრინველოების ფერმაა საქართველოში. აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე კომპლექსი აერთიანებს ინკუბატორს, საკვებ ქარხანას, წყალგამწმენდ სადგურს, ასევე მიწებს, სადაც სიმინდი და ხორბალი მოყავთ. პროდუქტის ხარისხისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფად ფუნქციონირებს მარცვლეულის საშრობი და შესანახი სათავსოები.

შეგახსენებთ, 2022 წლის 1-ლი ივლისიდან, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის, ბუნებრივი გაზის ღირებულება იზრდება როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. დედაქალაქში 1 კუბური მეტრი ბუნებრივი აირი ბიზნესისთვის 1.35 ლარი ხდება, ხოლო რეგიონებში -1.38 ლარი.

Leave a Reply

Menu Title