ქარის ტურბინები გერმანიაში – ტურბინის დემონტაჟი-უტილიზაცია 30 000 ევრო ჯდება

გერმანია ქარის ენერგიის წარმოების გასაზრდელად კანონპროექტს წარადგენს

გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის სამინისტრომ ხმელეთზე ქარის ენერგიის წარმოების გასაზრდელად კანონპროექტი შეიმუშავა. ქვეყანა განახლებადი ენერგიის წარმოების განვითარებისა და რუსულ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების მინიმუმამდე შემცირებისკენ მიისწრაფვის.

გერმანიის მიზანი, 2030 წლისთვის ელექტროენერგიის საჭიროების 80%-ის განახლებადი ენერგიით დაკმაყოფილებაა. ქვეყანას ხმელეთზე ქარის სიმძლავრის 115 გიგავატამდე გაზრდა სურს, რაც 38 ატომური ელექტროსადგურის სიმძლავრის ეკვივალენტურია. თუმცა ამჟამად გერმანიის მიწის მხოლოდ 0.8%-ია განკუთვნილი ხმელეთის ქარის ენერგიისთვის, საიდანაც რეალურად მხოლოდ 0.5% გამოიყენება. გასულ კვირას გამოქვეყნებული კანონპროექტი, თექვსმეტ ფედერალურ მიწაზე ქარის ელექტროსადგურებისთვის ხელმისაწვდომი მიწის მინიმალური პროცენტის დადგენით, ამ მაჩვენებლის 2%-მდე ზრდას ისახავს მიზნად.

გასული წლის არჩევნების შედეგად თანამდებობის დაკავების შემდგომ, მწვანეთა პარტიის წევრი და გერმანიის ეკონომიკის მინისტრი რობერტ ჰაბეკი, ელექტროსადგურებისთვის მეტი ფართობის ნებაყოფლობით გამოყოფაზე ფედერალური მხარეების დარწმუნებას წარუმატებლად ცდილობს. ხმელეთის ქარის ენერგიის ახალი ტურბინების მშენებლობის ნებართვების რაოდენობა, ამ წლის პირველ სამ თვეში წინა წელთან შედარებით 14%-ითაა შემცირებული. თუმცა გერმანიის ქარის ენერგიის ასოციაცია თვლის, რომ სამხრეთის მიწებს ბევრად უფრო მეტის პოტენციალი აქვთ.

შემოთავაზებული კანონმდებლობის მიხედვით, სამხრეთ ბავარიის მხარეს ხმელეთის ქარის ტურბინებისთვის 2026 წლამდე თავისი ტერიტორიის 1.1%-ის გამოყოფა მოუწევს, 2032 წლისთვის კი ვალდებული იქნება მიწის მოცულობა 1.8%-მდე გაზარდოს. კანონი გერმანიის მინისტრთა კაბინეტის მიერ მიმდინარე კვირას უნდა დამტკიცდეს.

წყარო: forbes.ge

Leave a Reply

Menu Title