ატლანტის ოკეანის უზარმაზარი დინება თანდათან ნელდება და მის მთლიანად მოშლას დრამატული გავლენა ექნება მთელ პლანეტაზე

კლიმატის ცვლილება ანელებს ოკეანის დინებებს, რომლებსაც ტროპიკებიდან თბილი წყალი ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილამდე მიაქვთ.

ავსტრალიელ მკვლევართა ჯგუფმა ის სიღრმისეული შედეგები შეისწავლა, რაც შეიძლება ამ ატლანტიკური კონვეიერის მთლიანად მოიშლება.

ჯგუფმა დაადგინა, რომ ამ სისტემის, სახელად ატლანტიკის მერიდიანული ბრუნვის ცირკულაციის კოლაფსი დედამიწის კლიმატს უფრო ლა-ნინიას მსგავს მდგომარეობაში შეცვლის.

ეს ნიშნავს უფრო მეტ წყალდიდობებს აღმოსავლეთ ავსტრალიაში და გვალვებისა და ტყის ხანძრების სეზონის გაუარესებას სამხრეთ-დასავლეთ აშშ-ში.

ავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპიროს მცხოვრებლებმა კარგად იციან, რა საშინელებაა ლა-ნინია. კლიმატის ცვლილებამ ატმოსფერო უფრო მეტი ნოტიო აირით აავსო, ორი ზაფხულის ლა-ნინიამ კი ჩრდილოეთ ავსტრალიასთან ოკეანე გაათბო.

ორივე გარემოებამ განაპირობა ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ნოტიო გარემო და რეკორდული წყალდიდობები ახალ სამხრეთ უელსსა და ქუინზლენდში.

ამასობაში, ჩრდილოეთ ამერიკის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილს რეკორდული გვალვები და სასტიკი ტყის ხანძრები უტევდა; მხოლოდ 2021 წელს ზარალმა სულ მცირე 70 მილიარდი დოლარი შეადგინა.

დედამიწის კლიმატი დინამიკური და მუდმივად ცვალებადია. მაგრამ სათბურის აირების შეუნელებელი გამოყოფის ამჟამინდელი ტრაექტორია მთლიან სისტემას უზარმაზარ ბიძგს აძლევს და ამ ყველაფერს გაურკვეველი შედეგები ექნება — შედეგები, რომელთა გამოც აუცილებელი გახდება პლანეტის ოკეანეთა დინებებისა და მათი გავლენების შესახებ სახელმძღვანელოების ხელახლა დაწერა.

რა არის ატლანტიკის მერიდიანული ბრუნვის ცირკულაცია?

ატლანტიკის მერიდიანული ბრუნვის ცირკულაცია მოიცავს თბილი ტროპიკული წყლების მასიურ დინებას ჩრდილოეთ ატლანტიკისკენ, რის გამოც არის ევროპის კლიმატი რბილი; ამავე დროს, ეს დინება ტროპიკებს ზედმეტი სითბოსგან გათავისუფლებაში ეხმარება. ასეთივე წრებრუნვა არსებობს სამხრეთ ნახევარსფეროშიც, ანტარქტიკული წყლების შემთხვევაში.

120 000 წლის წინანდელი კლიმატური მონაცემები მიუთითებს, რომ ატლანტიკის ბრუნვის ცირკულაცია გამყინვარების პერიოდებში შეწყდა ან დრამატულად შენელდა.

ე. წ. ინტერგლაციალურ პერიოდებში, როდესაც დედამიწის კლიმატი თბილია, მისმა ჩართვებმა ევროპის კლიმატი დაამშვიდა.

5000 წლის წინ, როდესაც ადამიანის ცივილიზაცია დაიწყო, ატლანტიკური წრებრუნვა შედარებით სტაბილური იყო. თუმცა, გასული რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში დაფიქსირდა შენელება, რამაც მეცნიერები შეაშფოთა.

რატომ შენელდა? გლობალური დათბობის ცალსახა შედეგია გრენლანდიასა და ანტარქტიდაზე პოლარული ყინულის ქუდების დნობა.

დნობისას, ყინულის ეს ქუდები ოკეანეებში დიდი ოდენობით მტკნარ წყალს უშვებენ და ზედა განედებში მცირდება მკვრივი წყლის ჩაძირვის უნარი.

გასული 20 წლის განმავლობაში, მხოლოდ გრენლანდიაში ხუთი ტრილიონი ყინული დადნა. თუკი გლობალური დათბობა არ შენელდა, დნობის მაჩვენებელი უახლოეს ათწლეულებში კიდევ უფრო გაიზრდება.

ჩრდილოატლანტიკური და ანტარქტიკული წრებრუნვის ცირკულაციის კოლაფსი სიღრმისეულად შეცვლის მსოფლიო ოკეანეთა ანატომიას.

ოკეანეები სიღრმეში გამტკნარდება, გამოილევა ჟანგბადი, ზედა ნაწილში გაჩნდება საკვებ ნივთიერებათა დეფიციტი, რაც როგორც წესი, ზემოთ ოკეანის ღრმა წყლებიდან ამოდის. საზღვაო ეკოსისტემებზე გავლენა სიღრმისეული იქნება.

გრენლანდიის ყინულის დნობა უკვე მიმდინარეობს და მეცნიერთა შეფასებით, ატლანტიკური წრებრუნვა ახლა სულ მცირე ბოლო ათასი წლის განმავლობაში ყველაზე სუსტია, უახლოეს საუკუნეებში კი მის კოლაფსს პროგნოზირებენ, თუკი სათბურის აირების გამოყოფა არ შემცირდება.

შენელების გაუთვალისწინებელი შედეგები

კვლევაში მეცნიერებმა ყოვლისმომცველი გლობალური მოდელი გამოიყენეს, რათა შეეფასებინათ, როგორი იქნებოდა დედამიწის კლიმატი ასეთი კოლაფსის პირობებში.

ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში ნადნობი წყლის მასიური ანომალიის შეტანის გზით, მოდელში მკვლევრებმა ატლანტიკური წრებრუნვა გამორთეს, შემდეგ კი შეადარეს სცენარს, რომელშიც ნადნობი წყალი არ მონაწილეობდა.

მთავარი ფოკუსი იყო, გაეხედათ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში კარგად ცნობილი რეგიონული ეფექტების მიღმა და შეემოწმებინათ, როგორ შეიცვლებოდა დედამიწის კლიმატი შორეულ ადგილებში, ისე შორსაც კი, როგორც არის ანტარქტიდა.

პირველი, რაც მოდელის სიმულაციებმა ცხადყო, ის იყო, რომ ატლანტიკური წრებრუნვის გარეშე, ეკვატორის სამხრეთით დაგროვდა სითბოს მასიური გროვა.

ეს ტროპიკული ატლანტიკური ჭარბი სითბო ზედა ტროპოსფეროში (დაახლოებით 10 კმ სიმაღლე) უფრო მეტ ტენს უშვებს, რაც წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილის თავზე მშრალი ჰაერის ჩამოსვლას განაპირობებს.

ჩამომავალი ჰაერი აძლიერებს ქარებს, რომლებსაც თბილი წყლები ინდონეზიის ზღვებისკენ მიაქვთ. ეს კი წყნარი ოკეანის ტროპიკულ ნაწილს ლა-ნინიას მსგავს მდგომარეობაში ამყოფებს, რისი ყველაზე უარესი შედეგიც არის თავსხმა წვიმები.

სიმულაციამ ასევე მიუთითა, რომ ატლანტიკური წრებრუნვის მოშლას გავლენა ექნება ანტარქტიდაზეც კი. დასავლეთ წყნარი ოკეანის თავზე თბილი ჰაერის აწევა გამოიწვევს ცვლილებებს, რომლებიც სამხრეთ ანტარქტიდაზე გავრცელდება. ეს კი გააღრმავებს ატმოსფერული დაბალი წნევის სისტემას ამუნდსენის ზღვის თავზე, რომელიც დასავლეთ ანტარქტიკაში მდებარეობს.

ცნობილია, რომ დაბალი წნევის სისტემა გავლენას ახდენს ყინულის საფარისა და შელფური მყინვარების დნობაზე, ოკეანის ცირკულაციაზე და ზღვის ყინულის მოცულობაზე ისე შორსაც კი, როგორც როსის ზღვაა.

ახალი მსოფლიო წესრიგი

არც ერთხელ დედამიწის ისტორიაში, თუ არ ჩავთვლით გიგანტურ მეტეორიტებსა და სუპერვულკანებს, ჩვენი კლიმატური სისტემა ისე მკვეთრად არ არეულა ატმოსფერული აირების შემადგენლობის ცვლილების გამო, როგორც ეს დღეს ხდება წიაღისეული საწვავის უკონტროლო წვის წყალობით.

ოკეანეები დედამიწის კლიმატის ერთგვარი მქნევარებია, რომლებიც ცვლილებათა კასკადს დიდი ოდენობით სითბოსა და ნახშირბადის შთანთქმის მეშვეობით ანელებენ. მაგრამ გადასახდელია ამის საზღაურიც — მეცნიერები ამ საუკუნეში ვარაუდობენ ზღვის დონის მატებას, ყინულის დნობას, და ატლანტიკური წრებრუნვის ცირკულაციის მნიშვნელოვან შენელებას.

ახლა უკვე ვიცით, რომ ამ შენელებას გავლენა ექნება არა მხოლოდ ჩრდილოატლანტიკურ რეგიონზე, არამედ ავსტრალიასა და ანტარქტიკაზეც კი.

ამ ცვლილებათა პრევენცია შესაძლებელია დაბალი ნახშირბადის პოლიტიკის გააქტიურებით. ამ შემთხვევაში, საუკუნეში მეორედ, დედამიწის კლიმატის ისტორია კვლავ შეიცვლება, ოღონდ ამჯერად უკეთესი მიმართულებით.

#1tvმეცნიერება

Leave a Reply

Menu Title