შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე კვლევა მომავალი წლის შემოდგომაზე დასრულდება

საქართველო-რუმინეთის დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე კვლევა 18 თვეში დასრულდება.
პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის პირველადი ანგარიშის და კვლევასთან დაკავშირებული სხვა საკითხების განხილვის მიზნით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ იტალიური საკონსულტაციო კომპანია CESI-ის წარმომადგენლები ეწვივნენ.
ხელშეკრულება, რომელიც კომპანია CESI-სთან საერთაშორისო ტენდერის საფუძველზე გაფორმდა, საქართველო-რუმინეთის დამაკავშირებელი წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის და ციფრული კავშირის მშენებლობის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას და საკონსულტაციო მომსახურების გაწევას ითვალისწინებს.
კვლევის მეშვეობით დადგინდება პროექტის პრაქტიკული განხორციელების შესაძლებლობები და საუკეთესო გზები. საკონსულტაციო კომპანიამ კვლევა 2022 წლის 11 მაისს დაიწყო და მისი დასრულება 18 თვის ვადაშია დაგეგმილი.
პროექტის სრულყოფილი კვლევა და შეფასება, ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერითა და მსოფლიო ბანკის ჩართულობით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ არის ინიცირებული. კვლევის ფარგლებში, სსე აქტიურად თანამშრომლობს რუმინეთის გადამცემი სისტემის ოპერატორთან – Transelectrica. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხრიდან პროექტის თაობაზე პერიოდული კონსულტაციები ტარდება რუმინეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების შესაბამის სამინისტროებთან, ხოლო სსე-ის მხრიდან – ზემოაღნიშნული ქვეყნების შესატყვის ენერგეტიკულ კომპანიებთან.
„საქართველო-რუმინეთის დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი“ წყალქვეშა მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის მოწყობას ითვალისწინებს. ინიციატივა მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიის რეგიონის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასთან დაკავშირებას შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის საშუალებით, რომლის მთლიანი სიგრძე დაახლოებით 1195 კმ. (95 კმ. სახმელეთო და 1100 კმ. წყალქვეშა ნაწილი) იქნება, ხოლო სიმძლავრე – 1000 მგვტ. წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელი ასევე აღჭურვილი იქნება ციფრული კავშირით, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ტელეკომუნიკაციას რუმინეთსა და საქართველოს შორის.
პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპისა და კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს მითითებულ რეგიონებს შორის.

Leave a Reply

Menu Title