ინდოეთი კომპანიებს ფასდაკლებული რუსული ნავთობის შესყიდვისკენ მოუწოდებს

ინდოეთი თავის კომპანიებს მეტი ფასდაკლებული რუსული ნავთობის შესყიდვისკენ მოწუოდებს. რუსული სანქციების გამკაცრების მიუხედავად ინდოეთი რუსეთთან ვაჭრობის მოცულობას ზრდის.

ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი Wall Street Journal ავრცელებს.

დასავლეთის მკაცრი ეკონომიკური სანქციებისა და ცოტა ხნის წინ მიღებული გეგმის მიუხედავად ჩინეთმა და ინდოეთმა რუსული ნავთობის შესყიდვები მკვეთრად გაზარდეს, რაც შესაძლოა რუსეთს ევროკავშირის მიერ დაწესებული სანავთებო ემბარგოსგან მიღებული დანაკარგი აუნაზღაუროს. ევროკავშირი წლის ბოლომდე დაახლოებით 80%-ით შეამცირებს რუსული ნავთობის იმპორტს.

ჩინეთის, ინდოეთისა და თურქეთის მხრიდან გაზრდილი იმპორტის მიუხედავად რუსეთის მიერ ექსპორტირებული ნავთობის მოცულობა კვლავ ჩამორჩება ომამდელ მაჩვენებლებს.

გამოცემის ცნობით, გასული კვირების განმავლობაში ინდური სანავთობო კომპანიების ტოპ-მენეჯერებმა სექტორული სახელმწიფო ჩინოვნიკებისგან მიიღეს რეკომენდაცია “ისარგებლონ შექმნილი ვითარებით და გაზარდონ იაფი რუსული ნავთობის შესყიდვები”.

ერთ-ერთი კომპანიის ტოპ-მენეჯერის თქმით, ამჟამად ინდოეთის ნავთობის კორპორაციასა და როსნეფტს ახალ მოცულობით გარიგებაზე მიდის საუბარი.

გავრცელებულ ცნობებს უარყოფს ინდოეთის მთავრობის პრესსპიკერი და ამბობს, რომ მთავრობის წევრები არ გასცემენ კონკრეტულ რეკომენდაციას და მოწოდებებს თუ სადაური წარმოების ნავთობი შეიძინონ კომპანიებმა. ამავდროულად მან დასძინა, რომ რუსული წარმოების ნავთობი არ არის სანქციებს ქვეშ და რომ მის შესყიდვას სხვა ქვეყნებიც განაგრძობენ.

“ჩვენ არ ვერევით კომპანიების კომერციულ საქმიანობაში და არ მივუთითებთ კომპანიებს რა ნავთობი შეიძინონ, ჩვენი საქმეა წესების ჩამოყალიბება”,- ნათქვამია განცხადებაში.

მოსალოდნელია, რომ ინდოეთის მხრიდან გაზრდილი მოთხოვნის ხარჯზე რუსეთი ევროკავშირის ბაზრის დაკარგვით მიღებულ ზიანს დააბალანსებს.

სხვადასხვა მონაცემებით, ომის დაწყების შემდეგ ინდოეთი რუსეთისგან 25-ჯერ უფრო მეტ ნავთობს ყიდულობს, ვიდრე 24 თებერვლამდე. შედარებისთვის – თუ კი თებერვალში ინდოეთი რუსეთისგან დღეში დაახლოებით 30 ათას ბარელს ყიდულობდა, ივნისში იმავე მაჩვენებელი დღეში დაახლოებით 1 მილიონ ბარელს გაუტოლდა.

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მონაცემებით ეს მთლიანად რუსული სანავთობო პროდუქციის ევროპული იმპორტის მეოთხედზე მეტია.

სავარაუდოა, რომ ინდოეთის გადაწყვეტილება კომერციული ინტერესებითაა ნაკარნახევი – საქმე ის არის, რომ ნავთობზე რეკორდულად მაღალი საერთაშორისო ფასების მიუხედავად, ომის დაწყების შემდეგ ყველაზე პოპულარული რუსული მარკის ნავთობის ფასი მკვეთრად დაეცა.

პიკურ მომენტში რუსული წარმოების URALS-ის მარკის ნავთობის ფასი 34 დოლარს შეადგენდა, გასულ კვირაში ფასდაკლების გათვალისწინებით ბარელი რუსული ნავთობის ღირებულება 37 დოლარს გაუტოლდა.

ასეთი “გულუხვი” ფასდაკლებით ნავთობის დიდი მოცულობის შესყიდვები ინდოეთის მაკროეკონომიკურ მდგომარეობას აუმჯობესებს – მსოფლიოს უმეტესი ქვეყნების მსგავსად ინდოეთი არ აწარმოებს მისი მოხმარებისთვის საჭირო რაოდენობის ნავთობს.

ინდოეთი ცდილობს მაქსიმალურად შეაკავოს სამომხმარებლო ფასების ზრდა საწვავზე, რათა მოთოკოს ინფლაცია, რომელიც ქვეყნისთვის ერთ-ერთ ყველაზე მწვავე გამოწვევად იქცა.

საწვავზე მაღალმა ფასებმა ხელი შეუწყო ეროვნული ვალუტის კურსის გაუფასურებას და მიმდინარე სავაჭრო ბალანსის გაუარესებას.

ომის დაწყების შემდეგ ინდოეთი კონფლიქტთან დაკავშირებით ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებს. ხაზგასასმელია, რომ ინდოეთი მსგავსად მოიქცას ირანის მიმართ დაწესებული სანქციების დროსაც და აშშ-სგან მიღებული გამონაკლისის სტატუსით კვლავ გააგრძელა ირანული წარმოების ნავთობის შესყიდვა.

“ჩვენ არ ვაგზავნით არსად არავის მოწოდებით შეიძინონ რუსული ნავთობი, ჩვენ ვაგზავნით ხალხს, რომლებიც მოუწოდებენ კომპანიებს შეიძინონ ბაზარზე არსებული საუკეთესო ნავთობი, ყველაზე ხელსაყრელი პირობებით”,- განაცხადა ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

აშშ-ს და ევროკავშირის ლიდერი სახელმწიფოების არაერთი მოწოდების მიუხედავად ინდოეთი ცდილობს მაქსიმალურად ისარგებლოს შექმნილი ვითარებით და იაფის რუსული ნავთობის მარაგი დააგროვოს.

ცოტა ხნის წინ ევროკავშირმა სანქციათა მეექვსე პაკეტი მიიღო, რომლის მიხედვითად აიკრძალება რუსული ნავთობით დატვირთული ტანკერების დაზღვევა. ვინაიდან ინდოეთსა და რუსეთს შორის მიმავალი ტანკერების 80% ევროკავშირშია დაზღვეული მოსალოდნელია, რომ ეს შეაფერხებს მოცულობის მკვეთრ ზრდას.

უკვე ცნობილია, რომ მხარეებმა ერთობლივი ძალისხმევით და ჰონგ-კონგური ბროკერის დახმარებით მოახერხეს 4 ტანკერის დაზღვევა, რომელიც ინდოეთს რუსულ ნავთობს მიაწოდებს.

სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით პრობლემის გადასაჭრელად ინდოეთის პოლიტიკურ და ფინანსურ ხელმძღვანელობაში დაზღვევის საკითხის სახელმწიფოს პირდაპირი ჩართულობის მეშვეობით მოგვარებას განიხილავენ.

ევროპული ბაზრის ეტაპობრივი დაკარგვის ფონზე, რუსეთის უმსხვილესმა სახელმწიფო კორპორაციამ ინდოელ პარტნიორებს უფრო მიმზიდველი გარიგება შესთავაზა, რომლის მიხედვითაც ინდოელები ნავთობის საფასურს ერთი თვის შემდეგ და საბანკო გარანტიის წარდგენის გარეშე გადაიხდიან.

მეტიც, როსნეფტმა აზიელ პარტნიოერებს ტანკერების დაზღვევის პრობლემის მოსაგვარებლად კიდევ ერთი რუსული სახელმწიფო კომპანიის, ინგოსტრახის ჩართულობა შესთავაზა.

ინდოელებს ამ წინადადებაზე უარის თქმა მოუწიათ, რადგანაც ინგოსტრახის საკონტროლო პაკეტის მფლობელი დასავლური სანქციების ქვეშ მყოფი ოლიგარქი, ოლეგ დერიპასკაა.

თუ გსურთ გაიგოთ უფრო მეტი ინდოეთის პოზიციაზე რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით შეგიძლიათ მოუსმინოთ ჩვენ პოდკასტს, არასაფრენი ზონა.

წყარო: realpolitika.ge

Leave a Reply

Menu Title