„რუსეთის კაპიტალი მოდის არაფორმალური კავშირებით“ – საქართველოს ენერგოუსაფრთხოება და კორუფციული საფრთხეები

„ჩვენ ელექტროენერგიის 15%  შემოგვაქვს გარე წყაროდან, შარშან ყველაზე მეტი შემოვიტანეთ აზერბაიჯანიდან, ხოლო რუსეთიდან დაახლოებით მესამედი და ეს დამოკიდებულება ნამდვილად არ არის კომფორტული, იმიტომ რომ ელექტროენერგია მყისიერი პროდუქტია და თუ რამე შეფერხება მოხდა მას ვერ შეინახავ და ვერ დააგროვებ“, – ამის შესახებ მსოფლიო გამოცდილება საქართველოსათვის (WEG) დამფუძნებელმა მურმან მარგველაშვილმა  რადიო „კომერსანტის“ ეთერში ისაუბრა. მისი თქმით წლიური მოხმარების რიცხვი ზამთარში კიდევ უფრო ძლიერდება და გაზზე  დამოკიდებულებით კიდევ უფრო რთულდება.

„მოკლე  ვადაში ალტერნატიულო წყაროს მოძიება  შესაძლებელია, ოღონდ  აქ  სხვა მეზობლების იმედზე  უნდა ვიყოთ ან მომხმარებელი უნდა შევზღუდოთ, მაგრამ არ  დავიქცევით ისე, როგორც  ეს 2006  წელს მოხდა, როდესაც რუსეთმა ერთდროულად აგვიფეთქა გაზსადენი და ელექტრო ენერგიის გადამცემი ხაზი. დღეს დაცვის  ღონისძიებები არსებობს და ასეთი  რამე  ნაკლებად  მოსალოდნელია. თუმცა, სამუშაო უამრავია, ჩვენი სიმძლავრეები საკმარისი არ არის და დამოკიდებულები ვართ გარე წყაროებზე და  და ევროკავშირის საბაზო მოთხოვნებსაც  ვერ  ვაკმაყოფილებთ.

გარე იმპორტიდან, რომელიც 15% ია , რუსეთის წილი 4-5%-ია, ამაში  შედის ოკუპირებული აფხაზეთიც, რომელიც ძალიან სპეციფიკური და არაპროგნოზირებადია, იმიტომ რომ ენგურჰესი მათ კონტროლირებად ტერიტორიაზეა და იქ რა შეიძლება მოიმოქმედონ და რა პროვოკაცია მოხდეს, ამას პოლიტიკოსების და  უსაფროების ექსპერტების  ანალიზი სჭირდება. ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი  გამოწვევა ენერგეტიკული უსაფრთხოების კუთხით არის ის, რომ ამაზე  მუშაობა არც მიმდინარეობს“, –  აღნიშნა მურმან მარგველაშვილმა. მისივე თქმით, აფხაზურ მხარეს განუსაზღვრელი რაოდენობის ენერგორესურსი მიაქვს, მისივე თქმით  ეს არის შავი ხვრელი, რომელიც უნდა დარეგულირდეს.

„ჩვენ გვჭირდება გამჭვირვალობა და  კონკურენტული გარემოს შექმნა, ნაკლები საფრთხე  იქნება იმისა, რომ რუსული მხარე იქნებ ეს, თუ რომელიმე სხვა, გაზის მოწოდებას არ გამოიყენებს იმისთვის, რომ ქვეყნის ძირითად ღირებულებებზე მოახდინოს გავლენა“, –  აღნიშნა მურმან მარგველაშვილმა.

მარგველაშვილმა საქართველოში რუსული კაპიტალის აქტივებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ აქ არიან ორი ტიპის ორგანიზაციები, ეს არის რეგულირებადი  საწარმოები და ლიცენზირებადი  საწარმოები, რომლებიც სრულიად  ექვემდებარება  სემეკ-ის  იურისდიქციას.

„სემეკ-ს აქვს იმის  ბერკეტები, რომ  თუ  რაღაც პრობლემა  შეექმნება  საწარმოს ფუნქციონირებას, მას შეუძლია ჩაერიოს და დანიშნოს თავისი მმართველი, ასეთი პრეცედენტი გვქონდა „თბილისი ენერჯისა“ და „ყაზტრანსგაზის“ შემთხვევაში, ამ მხრივ ეს კომპანიები დაცულია. მაგრამ სხვა მხრივ არ არის საიდუმლო ის, რომ  რუსეთის კაპიტალი მოდის არაფორმალური კავშირებით და კორუფციული გარიგებების საფრთხე იქმნება, ამიტომ აქ მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი კონტროლის გააქტიურება და საჭიროა ქვეყნის ინტერესების დაცვა“, – აღნიშნა მურმან მარგველაშვილმა.

მარგველაშვილის ასევე აცხადებს, რომ ენერგეტიკული სფეროს გარკვეული ასპექტები არ არის გამჭვირვალე, მაგალითად რუსული გაზის სომხეთში ტრანზიტის ხელშეკრულებები არ არის გამჭვირვალე და ეს საკითხი სემეკი-სგან უნდა რეგულირდებოდეს.

„იქ  იქმნება  გარკვეული გარიგებების შესაძლებლობა, რაც  შეიძლება ქვეყნის საზიანოდ იქნას გამოყენებული და პოლიტიკურ  გადაწყვეტილებებზე მოახდინოს  გავლენა.

ეს არ  ეხება  მარტო რუსეთს, ეს ეხება გაზის  სექტორსაც, დიდი პრობლემა  გვაქვს აზერბაიჯანული გაზის შემთხვევაშიც. 2007 წლის  მერე  აზერბაიჯანულ მხარეს  შეუძლია  თავისი  შეხედულებისამებრ  ჩვენ  ორგანიზაციებს  ტარიფი დაუწესოს და რით  რეგულირდება ეს არ  არის  ცნობილი, ისევე როგორც დახურულია  ხელშეკრულება  „სოკართან“,  როდესაც  ორი  შუამავალი კომპანიის  საშუალებით  ხდება  მათთვის  გაზის  გადაცემა — მთელი ეს სისტემა გამჭვირვალე უნდა იყოს. ამასაც  სჭირდება  ევროკავშირის  კანონმდებლობაზე  მორგება.

ჩვენ გვჭირდება გამჭვირვალე კონკურენტული გარემოს შექმნა და მაშინ ნაკლები საფრთხე იქნება იმისა, რომ რომელიმე მხარე იქნება  ეს  რუსული თუ რომელიმე სხვა მხარე  ამ გაზის მოწოდებას  გამოიყენებს იმისთვის, რომ  ქვეყნის  ძირითად  ღირებულებებზე მოახდინოს გავლენა“,  – აღნიშნა მურმან მარგველაშვილმა.

წყარო: commersant.ge

Leave a Reply

Menu Title