მცხეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება

შუა ზაფხულში ევროპაში გაზის კრიზისი გამოცხადდა, რა იქნება შემოდგომიდან?

“შეუძლებელია რუსული გაზის ჩანაცვლება, ქარხნები და საწარმოები ბუნებრივ აირს მოიხმარენ და ტანკერებით შესული თხევადი გაზი ვერ უშველით”

მსოფლიო რუსული გაზის ჩანაცვლების გზებს ეძებს, თუმცა შედეგი არ ჩანს, პირიქით, ზოგიერთმა სახელმწიფომ ქვეყანაში ბუნებრივი აირის კრიზისი გამოაცხადა. ომიდან თითქმის 4 თვის თავზე, ევროკომისიის პრეზიდენტი ამბობს, რომ თუ ევროპა გათბობის ტემპერატურას ორი გრადუსით დაუწევს, რუსულ გაზი მთლიანად ჩანაცვლდება. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ რუსულ ბუნებრივ აირზე დამოკიდებულების თავიდან აცილება ჯერჯერობით შეუძლებელია და ევროპაში შესაძლოა, გაზის კრიზისი შეიქმნას.

თუმცა რაღა მომავალში, გაზის კრიზისი გერმანიის მთავრობამ უკვე გამოაცხადა. ქვეყანაში გააქტიურდა ე.წ. განგაშის რეჟიმი – გაზით მომარაგების სფეროში საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში, ავარიული გეგმის მეორე საფეხური. გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, ვიცე-კანცლერმა რობერტ ჰაბეკმა გადაწყვეტილების მიზეზად რუსეთიდან აირის მიწოდების შემცირება და მაღალი ფასი (რომელიც სავარაუდოდ, კიდევ გაიზრდება) დაასახელა.

როგორც ჰაბეკმა დაადასტურა, გერმანია გაზის კრიზისის მდგომარეობაშია და ამიერიდან გაზი დეფიციტური საქონელია.

ავარიული გეგმის პირველი, ანუ გამაფრთხილებელი საფეხური უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე, მარტიდან ამოქმედდა. მეორე საფეხურზე გადასვლა იმას ნიშნავს, რომ გაზით მომარაგებაში შეფერხებები ან განსაკუთრებულად გაზრდილი მოთხოვნაა, თუმცა, ადგილობრივი ბაზარი პრობლემას ჯერ კიდევ საკუთარი ძალებით უმკლავდება. მესამე საფეხურის ამოქმედების შემთხვევაში, სიტუაციის მოგვარება შეუძლებელი იქნება, სახელმწიფოს ჩარევის გარეშე და აუცილებელი გახდება გაზის მიწოდებაზე კვოტების დაწესება.

სანქციების დაწესების პარალელურად ერთ-ერთი მიმართულება, რაც რუსეის წინააღმდეგ უნდა ამოქმედებულიყო, ოკუპანტი ქვეყნის გაზზე უარის თქმა გახლდათ, თუმცა მსოფლიო დღეს მაინც რუსულ აირზეა დამოკიდებული.

სწორედ ამ საკითხზე საუბრობენ სპეციალისტები და პირდაპირ ამბობენ, რომ რუსული გაზის ჩანაცვლება ძალიან რთული საკითხია. საერთაშორისო კვევებისა და პროგნოზირების ვიცე-პრეზიდენტი, ფინანსისტი ნიკა შენგელია მიიჩნევს, რომ ოკუპანტმა ქვეყანამ ომის მანძილზე იმაზე მეტი შემოსავალი მიიღო, ვიდრე აქამდე ჰქონდა, მათი საწვავი რესურსის ჩანაცვლება ჯერჯერობით შეუძლებელია და ევროპას დიდი პრობლემები ელის.

„ჯერჯერობით შეუძლებელია რუსული გაზის ჩანაცვლება. კრიზისი ევროპაში უკვე გამოცხადებულია. ის, რომ იქ ტანკერებით შესული თხევადი გაზი დიდად შეეწეოდა ევროპას, რა თქმა უნდა, არის თითიდან გამოწოვილი ტყუილი. მოსახლეობა რომ დაკმაყოფილდეს, იმის გაზს კი მოძებნის ევროპა, მაგრამ საკითხი მხოლოდ ამით ხომ არ შემოიფარგლება? ქარხნებია, ეკონომიკაა. ქარხნები ბუნებრივ აირს მოიხმარენ, თანაც ძალიან დიდი რაოდენობით, ამიტომ ევროპას, ამ კუთხით, ძალიან სერიოზული გასაჭირი აქვს. მის ეკონომიკას დიდი პრობლემები ელოდება. მოვა აგვისტო და როდესაც გამოქვეყნება დასავლეთის და ამერიკის ეკონომიკურ მონაცემები, ვნახავთ, რა სიტუაციაში იქნება ჩავარდნილი მთლიანად კონტინენტის ეკონომიკა.

სანქციები დაწესებული იყო ყოველგვარი გათვლების გარეშე, ამიტომ იმედია, დაფიქრდებიან და ალბათ, ომი წლის ბოლოსთვის რაღაც ჩარჩოში ჩაჯდება. წესით 2023 წლის პირველ კვარტალში უნდა დაასრულონ ის უბედურება, რაც ხდება ჩვენ სამეზობლოში და ეშველება მსოფლიოს.

წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ისევ ასე გაგრძელდა, 2023 წელს შესაძლოა, დოლარი რეცესიაში მოჰყვეს. ეს ძალიან სერიოზული საფრთხეა, იციან ამის შესახებ და ხვდებიან, რომ ფაქრტიურად ძალიან შორს წავიდნენ, ამ კრიზისებით, შეზღუდვებით და სანქციებით. ახლახან მოვისმინეთ, რომ რუსეთს არ უკრძალავენ ხორბლის ექსპორტს, ქვეყნებს არ დაუწესებენ სანქციებს, ვინც რუსეთიდან ხორბალს იყიდინა, ანუ ნელ-ნელა მოდიან გონს და ალბათ, ნავთობზეც გააუქმებენ შეზღუდვას.

რუსეთმა ამ კრიზისის და შეზღუდვების დროს, არაბეთს დააკარგვინა აზიური ბაზარი. ყველაზე დიდი რაოდენობის ნავთობი ჩინეთში მან შეიტანა და ასევე ინდოეთშიც. ფაქტობრივად, აზიის მომმარაგებელი გახდა რუსეთი ნავთობი და ამ კუთხით სრულიად ჩაანაცვლა ევროპული ბაზარი. რუსეთმა იმაზე მეტი შემოსავალი მიიღო ნავთობის და გაზის ექსპორტიდან, ვიდრე მანამდე ჰქონდა. ეს ციფრები გამოქვეყნებულია და უკვე 100 მილიარდზე მეტი აქვს შემოსვაალი ამ 4 თვეში”, – განუცხადა ნიკა შენგელიამ „რეზონანსს”.

მოსკოვის მოთხოვნაა, რომ ქვეყნებმა, რომლებიც რუსულ გაზს იღებენ, გადასახადი რუბლში გადაიხადონ. ქვეყნებს, რომლებმაც ამაზე უარი თქვეს, კომპანია „გაზპრომმა“ ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყვიტა.

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკავშირის მოქალაქეებს გათბობის საშუალო ტემპერატურის ორი გრადუსით შემცირებას სთავაზობს, რომ ბლოკმა ჩრდილოეთის ნაკადის გაზსადენით რუსულ აირზე დამოკიდებულება თავიდან აიცილოს.

მისი თქმით, რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულების შესამცირებლად ევროკავშირმა უკვე დაამტკიცა გეგმა, რომელიც ენერგორესურსების დივერსიფიკაციას ითვალისწინებს. გაერთიანება, ასევე, გაზის მიწოდებაზე შეერთებულ შტატებს, ისრაელს, აზერბაიჯანსა და ალჟირს შეუთანხმდა.

ეკონომისტი სოსო სიმონიშვილი აცხადებს, რომ გაზთან ერთად, არსებობს ინფრასტრუქტურის მიმართულება და რუსეთს ევროპის მიმართულებით მისლადენები აქვს გაყვანილი.

„მხოლოდ გაზზე არ არის საუბარი. რუსეთს, გაზის მომარაგების, ინფრასტრუქტურა აქვს აწყობილი, ევროპის მიმართულებით, მილსადენები აქვს გაყვანილი. ჯერ მარტო უკრაინის გავლით რამდენი მილსადენია. მთელი ევროპა რუსულ გაზზე არის აწყობილი. სხვა რა ალტერნატივებია? ერთი ხაზი არის აზერბაიჯანიდან, ნორვეგიიდან და შედარებით ნაკლები მოიპოვება ბრიტანეთში. აწყობილი ინფრასტრუქტურა, ფაქტობრივად, არ არსებობს იმისათვის, რომ რუსული გაზი, სხვა ქვეყნის აირით ჩანაცვლდეს. ამიტომ აკეთებენ რაღაცას, წვალობენ, რომ ე.წ. გათხევადებულ ბუნებრივ გაზის წარმოება გაზარდონ. ამას ისევ და ისევ ინფრასტრუქტურა სჭირდება, გათხევადების სადგურებია საჭირო, შესაბამისი გემები, პორტი, რომელიც ამ გემებს მიიღებს.

ევროკავშირის ლიდერებმა გამოაცხადეს, რომ დაჩქარებული ტემპით გაზრდიან ქარის, მზის რესურსების და სხვა ამდაგვარი განახლებადი ენერგიას წყაროების წარმოებას. ჯერ ერთი ამას დრო სჭირდება და მთავარია, ღირებულება, რა დაჯდება და ცხადია, ეღირება ძვირი, ვიდრე რუსული გაზი.

შესაძლებლობები არის, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებული ფულზე, დროზე. ინფრასტრუქტურის შექმნაა საჭირო, თორემ ენერგიის უკმარისობა მსოფლიოში არ არის.

რაც შეგვეხება ჩვენ, ჩვენ რუსულ გაზზე აბსოლუტურად არ ვართ დამოკიდებულები, საქართველოს აზერბაიჯანიდან მიეწოდება გაზი, შესაბამისად, შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ”, – განუცხადა სიმონიშვილმა „რეზონანსს”.

გარდა ამისა, რომ რუსეთძი გაზის გადასახადს რუბლში ითხოვს, ქვეყანამ შეამცირა ევროპის ქვეყნებში ტრანსპორტირებული გაზის მოცულობა. თუ უკრაინაში შეჭრამდე რუსეთი უზრუველყოფდა ევროკავშირის საჭიროების 40%-ს, დღეს ეს მაჩვენებელი 20%-ია. ევროპის სახელმწიფოები მარაგების შევსებას სხვა წყაროებით ცდილობენ. ვარაუდობენ, რომ ზამთრისთვის რუსეთი ევროკავშირის სახელმწიფოებს გაზის მიწოდებას მთლიანად შეუწყვეტს.

წყარო: resonancedaily.com

Leave a Reply

Menu Title