ბიტკოინი სამჯერ გაიაფდა. რა ელის კრიპტოვალუტას და დადგა თუ არა „კრიპტო ზამთარი“?

ბიტკოინი მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და როგორც აქამდე ითვლებოდა, ყველაზე საიმედო კრიპტოვალუტაა. თუმცა, 18 ივნისს ის ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში ყველაზე დაბალ მაჩვენებლამდე დაეცა და ახლა 20 ათას დოლარზე ნაკლები ღირს. გარკვეულ მომენტში მისი სავაჭრო ღირებულება 18 993 დოლარი იყო, რაც 59%-იანი ვარდნის მაჩვენებელია. მხოლოდ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კი კლების დონემ 25%-ი შეადგინა. თუმცა უკეთეს დღეში არც კრიპტოვალუტის ბაზარზე არსებული ბიტკოინის კონკურენტები არიან: ეფირმა (იგივე ეფირიუმი) 73%-ი დაკარგა. რა ელის ბიტკოინს? ამ კითხვას პასუხი BBC-მ გასცა.

რა ხდება?

კრიპტოვალუტის ბაზრის დაცემას ხელი შეუწყო იმ ფაქტმა, რომ ერთ-ერთმა წამყვანმა კომპანია Celsius-მა, რომელიც სესხებს კრიპტოვალუტაში გასცემდა, მეანაბრეების აქტივები გაყინა და ანგარიშებს შორის კრიპტოვალუტის გადარიცხვა აკრძალა. აღნიშნულ სექტორს დამატებითი დარტყმა კრიპტოვალუტების სფეროში არსებული კომპანიების – Coinbase Global Inc-ის, Gemini-ისა და Blockfi-ს მიერ ათასობით თანამშრომლის გათავისუფლებამ მიაყენა. მათ თავიანთი გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ ინვესტორები სარისკო აქტივებს თავიდან იშორებენ. ინვესტორებისთვის ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ შექმნილი ვითარება არ ქმნის იმის მოლოდინს, რომ სიტუაცია უახლოეს მომავალში გაუმჯობესდება.

რატომ დღეს და რატომ სწორედ ახლა?

უკვე მომხდარი ფაქტის შემდეგ, შექმნილი სიტუაციის ანალიზი ექსპერტებს ყოველთვის შეუძლიათ. მათი თქმით, საქმე ეხება არა მხოლოდ კრიპტოვალუტას, არამედ – ზოგადად, მსოფლიოში შექმნილ სიტუაციას. ჩვენ თვალს ვადევნებთ გლობალურ ეკონომიკურ ვარდნას, რომელიც გაჭიანურებული პანდემიითა და ახლა უკვე რუსეთ-უკრაინის ომით არის გამოწვეული. იზრდება ინფლაცია და საპროცენტო განაკვეთები, ცხოვრების დონე კი ეცემა. ამ ყველაფრის შედეგად, მსხვილი ინვესტორები თავიანთ სახსრებს ძველებურად თავისუფლად აღარ განკარგავენ, ბევრ ჩვეულებრივ ინვესტორს კი დასაბანდებელი არც არაფერი აქვს. ასეც რომ არ ყოფილიყო, ვის უნდა გარისკოს ისეთი არაპროგნოზირებადი აქტივებით, როგორიცაა კრიპტოვალუტა, რომელიც არანაირად არ არის დაცული და არც ფინანსური ორგანოების მიერ რეგულირდება.

ორი ნაკლებად ცნობილი კრიპტოვალუტა – TerraUSD და Terra Luna – რომლებიც მაისში ჩამოიშალა, ასევე არ მატებდა კრიპტოვალუტის ბაზარს ნდობას და ინვესტორებმა ამ სახის აქტივების თავიდან მოშორება დაიწყეს. დომინოს ეფექტის შესაბამისად, რაც უფრო სწრაფად იყიდებოდა კრიპტოვალუტა, მისი ღირებულება მით უფრო ეცემოდა. ამან სრულად იმოქმედა ბიტკოინზეც, რომელიც ტრადიციული აქტივებისგან განსხვავებით (უძრავი ქონება ან ჩვეულებრივი ბიზნესი), რაიმე მატერიალური ღირებულებებით გამყარებული არ არის.

ისე, ბოლო დღეებში მოვლენები საკმაოდ სწრაფად განვითარდა:

• მსოფლიოს კრიპტოვალუტის უდიდესმა ბირჟამ- Binance-მა ბიტკოინით ტრანზაქციები რამდენიმე საათით აკრძალა. ოფიციალურად ეს იმით აიხსნა, რომ ერთ-ერთი ტრანზაქცია შეფერხდა, მაგრამ ეს ცოტამ თუ დაიჯერა.

• ანალოგიურად მოიქცა კომპანია Celsius-ი, რომელიც სესხების კრიპტოვალუტაში გაცემაზეა სპეციალიზებული. ამ შემთხვევაში მიზეზად დასახელდა არა ტექნიკური სირთულეები, არამედ – „ბაზარზე შექმნილი გადაუდებელი პირობები“.

• დაბოლოს, კრიპტობირჟა Coinbase-მა თავისი თანამშრომლების 18%-ის გათავისუფლების შესახებ განაცხადა. ამ შემთხვევაში მიზეზად კომპანიის მომსახურებაზე მოთხოვნის შემცირება დასახელდა. დადგა „კრიპტო ზამთარი“- როგორც ეს კრიპტობირჟაზე განაცხადეს.

ამ მოვლენებით გამოწვეულმა პანიკამ (სხვაგვარად რა შეიძლება ეწოდოს ინვესტორების მდგომარეობას, რომლებმაც აღმოაჩინეს, რომ საკუთარ აქტივებზე წვდომა დროებით დაკარგეს) კრიპტოვალუტის კურსის შემდგომი ვარდნა გამოიწვია, რასაც უკვე ნამდვილად შეიძლება ეწოდოს კოლაფსი.

არსებობს თუ არა რაიმე იმედი?

თეორიულად – კი! თუმცა ამისთვის, ვისაც კრიპტოვალუტა თავიდან ჯერ არ მოუშორებია, მასთან განშორება არ სჭირდება, ბიტკოინების ყიდვა სხვა ინვესტორებმა უნდა დაიწყონ და ეს ადრეც ხდებოდა. უფრო მეტიც, კრიპტოვალუტის მოყვარულები გეტყვიან, რომ ზუსტად ახლა, ვარდნის ყველაზე მაღალ ნიშნულზე არის დრო, რომ ბიტკოინი შეიძინოთ. შემდეგ კი უბრალოდ უნდა დასხდეთ და სიტუაციის გაუმჯობესებას დაელოდოთ, რადგან კრიპტოვალუტა ძალას კვლავ მოიკრებს.

სოციალურ ქსელებში არაერთი ისტორია ვრცელდება იმ ადამიანების სწრაფი გამდიდრების შესახებ, ვინც კრიპტოვალუტისადმი რწმენა არ დაკარგა. აქვე შევხვდებით ბევრი ცნობილი ადამიანის ლტოლვას ბიტკოინებისადმი. მაგალითად, ილონ მასკმა ეს არაერთხელ აღიარა და გასულ წელს, მისმა კომპანია Tesla-მ ბიტკოინებში მილიარდ-ნახევრიანი ინვესტიცია ჩადო. თუმცა ფინანსური ანალიტიკოსების უმეტესობა აცხადებს, რომ ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო და ასეთ რისკზე წასვლის ფუფუნება მხოლოდ ყველაზე გაბედულ ინვესტორებს აქვთ.

თუმცა როდესაც 2021 წლის ოქტომბერში, ჰოლივუდის ვარსკვლავი მეტ დეიმონი კრიპტოვალუტის მხარდასაჭერად გამოვიდა ლოზუნგით – „იღბალს გაბედულები უყვარს“, მას თვალს ადევნებდა 28 მილიონი მაყურებელი, რომელთა შორის ალბათ ბევრი ასეთი გაბედული იყო. საინტერესოა დღეს, როცა კრიპტოვალუტა სამჯერ გაიაფდა, როგორ აფასებენ ეს მამაცები მსგავს ფინანსურ რჩევებს.

წყარო: imedinews.ge

Leave a Reply

Menu Title