ჯო ბაიდენი და ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებენ, რომ აშშ და ევროკავშირი ერთობლივად მოძებნიან ახალ შესაძლებლობებს ენერგოდამოუკიდებლობისთვის

ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირის უახლოეს პერიოდში ერთობლივად მოძებნიან ახალ შესაძლებლობებს ენერგოდამოუკიდებლობისა და რუსეთისთვის გაზიდან და ნავთობიდან მიღებული შემოსავლის შესამცირებლად. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის და ევროკომისიის ხელმძღვანელის ურსულა ფონ დერ ლაიენის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

ლიდერებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ რუსეთი აგრძელებს ბუნებრივი აირის პოლიტიკურ და ეკონომიკურ იარაღად გამოყენებას.

„რუსეთის ენერგეტიკულმა იძულებამ ზეწოლა მოახდინა ენერგეტიკულ ბაზრებზე, გაზარდა სამომხმარებლო ფასები და საფრთხე შეუქმნა გლობალურ ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. ამას ბოლო დროს ადასტურებს ევროკავშირის რამდენიმე წევრი სახელმწიფოსთვის გაზის მიწოდების პოლიტიკურად მოტივირებული შეფერხებები. ეს ქმედებები მხოლოდ ხაზს უსვამს იმ სამუშაოს მნიშვნელობას, რომელიც კეთდება როგორც შეერთებული შტატების, ისე ევროკომისიის მიერ, რათა შეწყდეს ჩვენი დამოკიდებულება რუსულ ენერგიაზე“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ბაიდენისა და ფონ დერ ლაიენის თქმით, უახლოეს მომავალში ევროპული ენერგეტიკული უსაფრთხოების სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეხვდება წევრი ქვეყნების წარმომადგენლებსა და დაინტერესებულ მხარეებს, რათა განხილულ იქნას პრაქტიკული რეკომენდაციები ინტელექტუალური თერმოსტატებისა და სითბური ტუმბოების შემუშავებისა და წარმოების დასაჩქარებლად.

წელს დაგეგმილია მინიმუმ 1,5 მილიონი ენერგოდამზოგავი ჭკვიანი თერმოსტატის დანერგვა ევროპულ ოჯახებში.

გარდა ამისა, მსოფლიო ლიდერები აქტიურად მუშაობენ ევროპისთვის ენერგომომარაგების დივერსიფიკაციაზე.

წყარო: interpressnews.ge

Leave a Reply

Menu Title