დელის აეროპორტი სრულად განახლებადი ენერგიის გამოყენებაზე გადადის

ენერგიის საჭიროების დასაკმაყოფილებლად განახლებად წყაროებზე გადასვლის შემდგომ, ინდოეთის დედაქალაქ დელის „ინდირა განდის საერთაშორისო აეროპორტი“ სრულად ჰიდრო და მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი აეროპორტი გახდა.

დელის აეროპორტის გადაწყვეტილება წელიწადში ენერგიის ემისიებს 2 მილიონი ტონა CO2-ით შეამცირებს, რაც 2030 წლამდე, აეროპორტის ნახშირბადნეიტრალიტეტის მიღწევისთვის, მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია. აეროპორტის ელექტროენერგიის მოთხოვნილების დაახლოებით 6%-ს ახლომდებარე მზის ელექტროსადგურები აკმაყოფილებს, რომლებიც სატვირთო ტერმინალების საჰაერო მხარესა და სახურავებზეა განთავსებული.

2022 წლის პირველ ივნისს დელის საერთაშორისო აეროპორტმა არაგანახლებად ენერგიაზე დამოკიდებულება მინიმუმამდე შეამცირა და ენერგიის საჭიროების დარჩენილი 94%-ის დაკმაყოფილებაც ჰიდროელექტროსადგურებიდან დაიწყო. ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს დელის აეროპორტს, არაპირდაპირი ემისიებიდან, ყოველწლიურად, 200.000 ტონა CO2 შეამციროს. ამისთვის აეროპორტმა ელექტროენერგიის შესყიდვის გრძელვადიანი ხელშეკრულება ჰიდროენერგეტიკის მწარმოებელ კომპანიასთან 2036 წლამდე უკვე გააფორმა.

გარდა ამისა, დელის საერთაშორისო აეროპორტს 7.84 მეგავატი სიმძლავრის მზის ელექტროსადგური აქვს, დაინტერესებული მხარეების თანამშრომლობის ფარგლებში კი ობიექტს სახურავზე 5.3-მეგავატიანი სიმძლავრის მზის ელექტროსადგური დამონტაჟდება. გარდა ამისა, მდგრადი გეგმების მისაღწევად, დელის საერთაშორისო აეროპორტმა მწვანე ტრანსპორტის პროგრამაც შეიმუშავა, ამჟამად კი „ინდირა განდის საერთაშორისო აეროპორტისთვის“ მწვანე ენერგიის პროექტზე მუშაობს.

წყარო: forbes.ge

Leave a Reply

Menu Title