"გაზპრომი" უკრაინის ანტიმონოპოლიურის გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს

ავსტრია „გაზპრომს“ გაზსაცავიდან აძევებს, გერმანია კი კომპანიის ნაციონალიზაციას იწყებს

ავსტრიამ ზალცბურგთან მდებარე ჰაიდახის მსხვილი გაზსაცავიდან რუსული „გაზპრომის“ გაყვანის პროცესი დაიწყო. ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა, ლეონორა გევესლერმა განაცხადა, რასაც Reuters ავრცელებს.

მინისტრის თქმით, გაზის მარეგულირებლის, e-Control-ის ეს გადაწყვეტილება უკავშირდება „გაზპრომის“ სისტემატურ უუნარობას, რომ საცავი თავისი წილი სიმძლავრით შეევსო.

„თუ კლიენტებს ჩვენთვის გაზის შენახვა არ შეუძლიათ, მაშინ ეს სიმძლავრე სხვის ხელში უნდა გადავიდეს, რადგან საქმე კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ეხება. ჩვენ გაზის მარაგი ახლა, ასეთი კრიზის დროს გვჭირდება,“ – აცხადებს ლეონორა გევესლერი.

ავსტრიის კანცლერმა რუსული ენერგოგიგანტი ჯერ კიდევ მაისში გააფრთხილა, რომ ზალცბურგის საცავი სხვა მიმწოდებლებს გადაეცემოდა, თუ „გაზპრომი“ მას გაზით არ შეავსებდა. ჰაიდახის საცავი, რომელიც ზალცბურგის მახლობლად მდებარეობს, ავსტრიაში უდიდესი, ხოლო ცენტრალურ ევროპაში თავისი მასშტაბით მეორე საცავია.

ამასთან, ცნობილი ხდება, რომ ჰაიდახის საცავის მფლობელი კომპანიის ნაციონალიზაციას გერმანიის მთავრობა იწყებს. Bloomberg-ის ცნობით, ქვეყნის მინისტრთა კაბინეტმა მიიღო კანონი, რომელიც მთავრობას უფლებას აძლევს, ყოფილ Gazprom Germania GmbH-ის ჯგუფში წილი შეისყიდოს. ოდესღაც რუსული გაზის გიგანტის საკუთრებაში მყოფი Gazprom Germania აპრილიდან გერმანიის მარეგულირებლის კონტროლს ექვემდებარება.

კერძოდ, კანონი მთავრობას უფლებას აძლევს, მის მიერ მართულ კომპანიებში წილი მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ შეისყიდოს. მანამდე მოქმედი წესით, მართული კომპანიისთვის კაპიტალის ინექცია მფლობელის თანხმობას მოითხოვდა. ახლა უკვე ეკონომიკის სამინისტროს კაპიტალის ინექცია კომპანიის სტაბილიზაციისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დამოუკიდებლად შეუძლია.

გერმანიის მთავრობა ამჟამინდელ მფლობელს წილის შესაძენად თანხას გადაუხდის, რაც, Bloomberg-ის შეფასებით, იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას ამ თანხის მოსკოვისთვის გადახდა მოუწევს, რათა დაეუფლოს ჯგუფს, რომელიც ამჟამად ცნობილია, როგორც Securing Energy for Europe GmbH, ანუ SEFE.

Gazprom Germania-ს განყოფილება, კომპანია Astora-ს სახით ევროპაში ბუნებრივი გაზის საცავების ერთ-ერთი უმსხვილესი ოპერატორია. ის გერმანიაში გაზსაცავის მიწისქვეშა ობიექტებს რედენსა და ემგუმში, ავსტრიაში კი ჰაიდახის საცავს ფლობს. რედენის საცავი გერმანიის ენერგეტიკული უსაფრთხოების გასაღებად ითვლება.

წყარო: bpn.ge

Leave a Reply

Menu Title