“ბიომასის წარმოება სოციალურ ჭრებს კონკურენციას ვერ უწევს” – როგორია ტყის როლი მწვანე ეკონომიკაში

“ტყის სექტორი განახლებად ნედლეულზეა დაფუძნებლი.

ტოვებს მცირე ნარჩენებს და გადამუშავება-გამოყენების შემდეგ აღდგენის უნარით ხასიათდება. ამ თვისებების გამო მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში უდიდესი მნიშვნელობა აქვს“,- ვკითხულობთ UNECE-ისა და FAO-ს 2018 წლის მოხსენებაში.

ალბათ, სწორედ ესაა ერთ-ერთი საუკეთესო პასუხი კითხვაზე თუ რა როლი და ღირებულება აქვს სატყეო სექტორს მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში. სამივე კომპონენტი, რეციკლირება, განახლებადი ენერგიები და ნარჩენების მდგრადი მართვა აღნიშუნლი კონცეფციის ამოსავალი კომპონენტებია.

საერთაშორისო ორგანიზაციები გამოყოფენ სამ მთავარ მიმართულებას, რომლის მეშვეობითაც სატყეო სექტორს მწვანე ეკონომიკაში საკუთარი წვლილის შეტანა შეუძლია. პირველი ბიომასის ენერგიაა. მსოფლიოს მასშტაბით განახლებადი ენერგიების მნიშვნელობის ზრდის ფონზე, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც წიაღისეული საწვავის ფასები მუდმივად იზრდება, ტყეში არსებული პროდუქტების ენერგია ერთ-ერთ ალტერნატივად განიხილება. მეორე მიმართულება მწვანე ინფრასტრუქტურა და შენობებია. მსგავსი საქმიანობის განხორციელების დროს განახლებადი ბიომასალების მოხმარების ზრდას დადებითი გავლენა აქვს კლიმატის ცვლილებების შერბილებაზე, რადგან ასეთ დროს არაგანახლებადი ენერგიების გამოყენების დონე მინიმუმამდე მცირდება. მესამე კომპონენტი ყველასთვის კარგად ნაცნობი, ნახშირბადის ემისიების შთანთქმაა.

საქართველოს ტერიტორიის 40% ტყითაა დაფარული. შესაბამისად, ცხადია, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს სექტორს მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში. უნიკალური მახასიათებლებისა და პოტენციალის მიუხედავად, ტრანსფორმაცია არც ისე მარტივია.

„ძალიან ბევრი სოციალური პრობლემაა და ძირითადი დატვირთვა მოდის ტყეზე, როგორც შეშაზე და ის ძირითადი ეკოსისტემური მომსახურებები, რაც ტყეს აქვს უგულებეყოფილია. თუმცა, ჩვენი სატყეო სექტორის რეფორმის პროცესის ძირითადი მნიშვნელობა სწორედ ეს არის და მიზანი ეს არის, რომ ტყის ეკოლოგიური და სოციალური სარგებელი წინ წამოვწიოთ. ჩვენთვის ძალიან დიდი გამოწვევაა ადამიანური რესურსები, რადგან ძალიან დიდი წყვეტა იყო და სატყეო სექტორში განათლების წამოწევა მნიშვნელოვანია. გვჭირდება ახალგაზრდები, რომლებიც დაინტერესებული იქნებიან სატყეო განათლების მიღებით. საქართველო მეზობელ ქვეყნებთან შედარებით წინ არის და იმედი მაქვს, გაგრძელდება განვითარების პროცესი. ტყის მართვა გრძელვადიანი პროცესია და ჩვენ შე4დეგებს ველოდებით არა დღეს და ხვალ, არამედ 10 წლის შემდეგ. მხოლოდ ერთსა და ორ წელზე არ უნდა ვიყოთ ორიენტირებული“,- განმარტავს „ბიზნესპარტნიორთან“ სატყეო სააგენტოს სტრატეგიული დაგეგმვისა და განვითარების სამსახურის უფროსი, ნათია ცხოვრებაძე.

გაეროს განვითარების პროგრამის მონაცემების თანახმად, საქართველოში ყოველწლიურად 1 მილიონ მ3-ზე მეტი ტყის ნარჩენი იწარმოება. მისი გენერირების პოტენციალი კი ენერგომომარაგების 70% შეადგენს. პოზიტიური მაჩვენებლების მიუხედავად, ქვეყანაში არც ბიომასის ბაზარია განვითარებული.

“საქართველოში ბიომასის მოპოვება და წარმოება რჩება ძალიან დიდ გამოწვევად. ეროვნული სატყეო პოლიტიკისა და სტრატეგიის დოკუმენტი ამ მიმართულებასაც ითვალისწინებს. უნდა განვითარდეს და ხელი შეეწყოს ბიომასის მწარმოებელ კომპანიებს და ზოგადად, ამ სახითაც გაჩნდეს ენერგიის ალტერნატიული წყაროები. ბიომასის წარმოების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა ის, რომ არ არის შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ასევე, საჭიროა შესაბამისი დანადგარები და ღუმელები. მეორე გამოწვევა კი ის გახლავთ, რომ ფასით შეშის ბაზარი და სოციალური ჭრები კონკურენციას ვერ უწევს ბიომასის პროდუქტს. ამის მიზეზია ის, რომ ბიომასის წარმოება ჯდება ძვირი. 2030 წლისთვის ბიომასის პროდუქტებით ალტერნატიული ენერგიების მიღება პრაქტიკა უნდა იყოს და არა მხოლოდ საუბარი. ეს იქნება ღუმელების მიმართულებით, წარმოების მიმართულებით. იგეგმება ამ პროდუქტების წარმოების სუბსიდირებაც. სოციალური ჭრები კი გაუქმდება, რაც ხელს შეუწყობს ბიომასის ბაზრის განვითარებას“,- განაცხადა „ბიზნესპარტნიორთან“ ტყის პროდუქტების ასოციაციის ხელმძღვანელმა, გიორგი გუჯარაიძემ.

2020 წელს საქართველოს პარლამენტმა ენერგოეფექტურობის შესახებ კანონი მიიღო. დოკუმენტი ყურადღებას ენერგოფექტური შენობების წახალისებასა და მათი არსებობის აუცილებლობაზეც ამახვილებს. ენერგოეფექტური შენობები პირველ რიგში, ასეთივე მასალით მშენებლობის პროცესს გულისხმობს. ამ თვალსაზრისით კი სატყეო სექტორი როგორც საქართველოში, ისე გლობალურად მნიშვნელოვანი როლს თამაშობს.

„პრობლემები მრავალფეროვანია. ტყის მართვა უნდა დაინერგოს და ის არ უნდა იყოს განხილული, როგორც მხოლოდ საშეშე და სამშენებლო მასალა. ჩვენს ქვეყანაში ტყეს აქვს დაცვითი ფუნქციები, არის უნიკალური ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული ტყეები, რომელსაც უკვე კონსერვაციული მაღალი ღირებულება აქვს. ის ტყე რომელიც ეკონომიკური ფუნქციის მატარებელია, არ არის მდგრადად მართული. ხშირად არ ხდება სწორი პირობების ჩაწერა. გაცემულია მრავალწლიანი იჯარები და ახლა ამის კონტროლი და მონიტორინგი მწირია. როდესაც ქვეყანაში განხილულია, თუ რომელი სექტორით შეიძლება მწვანე ეკონომიკაზე ფიქრი, რა თქმა უნდა, სატყეო სექტორი უნდა იყოს პირველი“,- აღნიშნავს REC CAUCASUS-ის დირექტორი, სოფიკო ახობაძე.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიო ტყეების ფართობი 4 მილიარდ ჰექტარს აჭარბებს. მიუხედავად იმისა, რომ ტყეები ნახშირბადის ჩაჭერაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს, გლობალური CO2  ემისიების მაჩვენებელში დაახლოებით 20%-ს სწორედ ტყეების დეგრადაციისა და ტყის ხანძრების შედეგად გამოფრქვეული მავნე ნივთიერებები იკავებს. მეორე მხრივ, ყოველწლიურად  მილიარდ ტონაზე მეტი ნახშირორჟანგი ტყეებში შეიწოვება. ეს მაჩვენებლები კი ნათლად ასახავს იმ ურთიერთქმედებას, რაც ერთმანეთთან კლიმატის ცვლილებასა და სატყეო სექტორს აკავშირებს.

Leave a Reply

Menu Title