Tanap საქართველოს რეგიონალურ და გლობალურ დონეზე მნიშვნელოვანი მოთამაშედ აქცევს

ბაქო-სუფსის ნავთობსადენი მოთხოვნის არარსებობის გამო გაჩერებულია

ბაქო-სუფსის მილსადენით ნავთობის გადატუმბვა შეჩერებულია. მილსადენი ჯერ კიდევ გაზაფხულზე, სუფსიდან გადაზიდვის განაცხადების არარსებობის გამო გაჩერდა. ამის შესახებ კასპიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში BP-ის კომუნიკაციისა და საგარეო ურთიერთობების საკითხების ვიცე-პრეზიდენტმა, ბახტიარ ასლანბეილმა „ინტერფაქს-აზერბაიჯანს“ განუცხადა.

მისი ცნობით, ბაქო-სუფსის ნავთობსადენით ნავთობის გადატუმბვა მარტში შეწყდა, შემდეგ 1 აპრილიდან 17 აპრილამდე მილსადენზე სარემონტო-მოსაწესრიგებელი სამუშაოები ჩატარდა და ნავთობის ტრანსპორტირება განახლდა. თუმცა რამდენიმე გადაზიდვის შემდეგ მილსადენზე ნავთობის გადატუმბვა კვლავ შეჩერდა. გაჩერების მთავარი მიზეზი არის ტანკერების არარსებობა, რომლებიც შავ ზღვაში უნდა შევიდნენ და ამ მილსადენით გადაზიდული ნავთობი სუფსიდან გაიტანონ. კერძოდ, როგორც ბახტიარ ასლანბეილი განმარტავს, საუბარია სუფსის ტერმინალიდან Azeri Light-ის ნავთობის გადასაზიდი განაცხადების არარსებობაზე.

ამდენად, BP-ის აზერბაიჯანელი ვიცე-პრეზიდენტის ცნობით, ბაქო-სუფსის ნავთობსადენის გაჩერების შემდეგ მთელი აზერბაიჯანული ნავთობი ექსპორტზე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით იგზავნება.

ბაქო-სუფსის ნავთობსადენი ექსპლუატაციაში 1999 წლის 17 აპრილს შევიდა. მილსადენის სიგრძე 837 კმ., დიამეტრი კი 530 მმ-ია. მილსადენი, რომლის სიმძლავრეც წელიწადში 7,5 მილიონი ტონა ნავთობს შეადგენს, აზერი-ჩირაგ-გიუნეშლის საბადოების განვითარების ხელშეკრულებით აშენდა.

2021 წელს ბაქო-სუფსის გავლით გადაქაჩული ნავთობის მოცულობამ 4,2 მლნ ტონა შეადგინა, რაც 2020 წელთან შედარებით 0,1%-ით ნაკლებია. აზერბაიჯანული კონდენსატით ნავთობის მთლიან ექსპორტში ამ მილსადენის წილმა 2021 წელს 14,9% შეადგინა.

წყარო: Bpn.ge

Leave a Reply

Menu Title