„შეიძლება ითქვას, რომ დიზელის კრიზისში უკვე ვართ. 1 ბარელის გლობალურმა ფასმა 200 დოლარს უკვე გადააჭარბა და არ არის გამორიცხული, რომ დიზელის ღირებულებამ ბარელზე 250 დოლარსაც კი მიაღწიოს“, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ კომპანია „მატიოს“ დამფუძნებელმა, რატი მესხიშვილმა განუცხადა.

მან მთელ მსოფლიოში ამჟამად არსებულ ე.წ დიზელის კრიზისზე ისაუბრა და თქვა, რომ საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს შეფასებით, დიზელის გლობალური დეფიციტი და მაღალი ფასები, დიდი ალბათობით, 2027 წლამდე შენარჩუნდება.

„რაც შეეხება უშუალოდ იმ მიზეზებს, რამაც საერთაშორისო ბაზრები დიზელის კრიზისამდე მიიყვანა, აქ უმთავრესი ორი ფაქტორია: პირველი, ეს არის - ომი ახლო აღმოსავლეთში. ირანში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტის გამო, თითქმის ჩაიკეტა ჰორმუზის სრუტე, რამაც სპარსეთის ყურიდან დიზელის ექსპორტი მნიშვნელოვნად შეამცირა. მეორე მიზეზი კი, რუსეთ-უკრაინის ომია. როგორც ვიცით, უკრაინის მიერ დრონებით, სისტემური დარტყმები ხორციელდება რუსეთის ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებზე, რაც ცხადია საწვავის წარმოებას ხელს უშლის. ამას დაემატა მოსკოვის მიერ დიზელის ექსპორტზე დაწესებული სრული აკრძალვა“, - განმარტა „მატიოს“ დამფუძნებელმა.

მისივე განმარტებით, დიზელი წარმოადგენს მსოფლიო ეკონომიკის, სატვირთო გადაზიდვების, სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის მთავარ მამოძრავებელ ძალას.

"შესაბამისად, მისი დეფიციტი პირდაპირ აისახება გლობალურ ინფლაციაზე და ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ უახლოეს პერიოდში, მნიშვნელოვნად გაძვირდეს თითქმის ყველა ტიპის პროდუქტი, თუ სერვისი", - აღნიშნა რატი მესხიშვილმა.

ცნობისთვის, ამჟამად, დიზელის ფასები თითქმის ყველა წამყვან ქვეყანაში გაორმაგებულია. მაგალითისთვის, დიზელის ფასმა აშშ-ში 1 გალონზე უკვე 6 დოლარს გადააჭარბა, ევროკავშირში 1 ლიტრი დიზელის ღირებულება 2.5 ევროს მიუახლოვდა, დიდ ბრიტანეთში კი - 2 ფუნტს გადააჭარბა.

bp.ge