ანდრიუს კალინდრა: ლიეტუვა საქართველოს მსგავსი გამოწვევის წინაშე დგას – ელექტროენერგიაზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება

“ლიეტუვა საქართველოს მსგავსი გამოწვევის წინაშე დგას – ელექტროენერგიაზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. ეს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ელექტროხელსაწყოების გამოყენებით გაჯერებულობითაა გამოწვეული. შესაბამისად, სულ უფრო მეტ ინვესტიციას ვახორციელებთ განახლებად ენერგიაში. ჩვენს შემთხვევაში საუბარია მზისა და ქარის ენერგიაზე.” – ამის შესახებ ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ანდრიუს კალინდრამ განაცხადა.

“საქართველოც აუცილებლად დადგება ელექტროენერგიის მოხმარების ზრდით განპირობებული გამოწვევის წინაშე. ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, ელექტროენერგიაზე მოთხოვნაც ყოველწლიურად გაიზრდება და რაღა თქმა უნდა, ამას სექტორში ინვესტიციების ზრდაც მოჰყვება.

ინვესტიციების მნიშვნელობა მხოლოდ ფინანსური ასპექტით არ განისაზღვება. მოგეხსენებათ, არსებობს მრავალი საფინანსო ინსტიტუტი, რომელსაც სესხებისა და გრანტების უზრუნველყოფა შეუძლია.

ინვესტიციები, უპირველეს ყოვლისა, ხელს უწყობს ინსტიტუციურ განვითარებას, მუშაობის ახალი მეთოდების, სხვადასხვა ნოუ-ჰაუს და ინოვაციების დანერგვას, განსხვავებული ბიზნეს-კულტურის განვითარებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

საერთაშორისო ბაზარზე ენერგორესურსების ფასების ცვალებადობა აუცილებლად განაპირობებს იმას, რომ საქართველოში არსებული შესაძლებლობით უცხოური ინვესტორები დაინტერესდებიან. ეს რეგიონი ცალსახად ინტერესს იწვევს.

დამოუკიდებლობა, როგორც ასეთი, არა მხოლოდ პოლიტიკური ცნებაა, ის არჩევანის თავისუფლებასაც ნიშნავს.

იგივე პრინციპი მოქმედებს ენერგორესურსებთან მიმართებაშიც. ენერგოდამოუკიდებლობაში ვგულისხმობთ არჩევანის თავისუფლებას, როდესაც ვირჩევთ, რომელი ქვეყნიდან მოვახდინოთ ენერგეტიკული რესურსების იმპორტი საუკეთესო საბაზრო პირობებით – იქნება ეს ბუნებრივი აირი, ელექტროენერგია თუ სხვა.

როდესაც 2015 წელს ლიეტუვამ ბალტიის ზღვაში თხევადი გაზის პირველი ტერმინალი ააშენა, ჩვენ მას „დამოუკიდებლობა“ დავარქვით, რადგან ის სწორედ არჩევანის დამოუკიდებლობას უზრუნველყოფდა.

ისეთი კავშირები, როგორიც ბალტიის ქვეყნებს შორისაა, აქაც – საქართველოსა და თურქეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებობს. ისინი უზრუნველყოფენ ნავთობით, ელექტროენერგიითა და განსაკუთრებით ბუნებრივი აირით მომარაგებას და ეს არჩევანის თავისუფლებას გვაძლევს.

დღეს ჩვენ ნათლად ვხედავთ, თუ როგორ შეიძლება, იყოს გამოყენებული ბუნებრივი აირი საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გასატარებლად. ამას განსაკუთრებით ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი აკეთებს, რომელსაც შეუძლია, ერთდპიროვნულად, , ბაზრის არსებულ მოთხოვნასთან კავშირის გარეშე წყვეტდეს, უზრუნველყოს მიწოდება თუ არა.

როდესაც ქვეყანას გააჩნია არჩევანის თავისუფლება და შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ეს ცალსახად მომგებიანია მისთვის, მისი ეკონომიკისთვის, მოსახლეობისა და ზოგადად სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის.

ვიტყოდი, რომ საქართველოსთვის და ლიეტუვასთვის ენერგოდამოუკიდებლობა ერთნაირად მნიშვნელოვანია.” – განაცხადა კალინდრამ.

Leave a Reply

Menu Title