„დიდი შვიდეული“ რუსეთს ენერგიის ექსპორტის „იარაღად გამოყენებაში” ადანაშაულებს

„დიდი შვიდეულმა“ (G7) – დასავლეთის უმდიდრესი ქვეყნების ჯგუფმა, დაადანაშაულა რუსეთი თავისი ენერგომატარებლების ექსპორტის „იარაღად გამოყენების“ მცდელობაში და პირობა დადო, რომ იმოქმედებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ მოსკოვმა ვერ „გამოიყენოს“ თავისი, როგორც ენერგიის მწარმოებლის პოზიცია, „დაუცველი ქვეყნების ხარჯზე თავისი აგრესიიდან სარგებლის ნახვისთვის“.

G7-ის განცხადებაში, რომელიც 2 აგვისტოს გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ რუსეთმა დაარღვია საერთაშორისო სამართალი უკრაინაში შეჭრით და უნდა “დაასრულოს ეს მის მიერ არჩეული ომი, დაუყოვნებლივ და უპირობოდ შეწყვიტოს ყველა სამხედრო ქმედება”.

“ჩვენ ასევე ვგმობთ რუსეთის მცდელობებს, გადააქციოს ენერგიის ექსპორტი იარაღად და გამოიყენოს ენერგია გეოპოლიტიკური იძულების ინსტრუმენტად. ამიტომ, რუსეთი არ არის ენერგიის სანდო მომწოდებელი”, – ნათქვამია ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„ჩვენ ვიმოქმედებთ სოლიდარობით და მჭიდრო კოორდინაციაში, რათა შევამსუბუქოთ მიწოდების შეფერხების გავლენა ეკონომიკასა და მოქალაქეებზე მთელს მსოფლიოში და ჩვენს ქვეყნებში, განსაკუთრებით მოსახლეობის დაუცველი ჯგუფების დასაცავად“, – წაიკითხავთ განცხადებაში.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების საპასუხოდ, რუსეთმა შეუწყვიტა ენერგომატარებლების მიწოდება ქვეყნებს, რომლებსაც “არამეგობრულად” მიიჩნევს. ამას მოჰყვა შიში ევროპის ბევრ ქვეყანაში, რომ არ ექნებათ საკმარისი ენერგია მომდევნო ზამთარში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ “დიდი შვიდეული”, რომელშიც შედიან აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, კანადა, გერმანია, იაპონია და იტალია, გააგრძელებენ შემდგომი ზომებისგანხილვას, რათა რუსეთმა აგრესიული ომით არ იხეიროს და ომის წარმოების შესაძლებლობები “შეეზღუდოს”.

მან ასევე პირობა დადო, რომ ეტაპობრივად შეწყვეტს რუსეთის ენერგომატარებლების გამოყენებას ადგილობრივ ბაზრებზე და შეეცდება „შეიმუშაოს ზომები, რომლებიც შეამცირებს რუსეთის შემოსავალს წიაღისეული საწვავებიდან, შეინარჩუნებს სტაბილურობას გლობალურ ენერგეტიკულ ბაზრებზე და შეამცირებს ნეგატიურ ეკონომიკურ შედეგებს განსაკუთრებით დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის.”

წყარო: radiotavisupleba.ge

Leave a Reply

Menu Title