დაბინძურებული ჰაერი კლავს - შეშა, გაუმართავი ტრანსპორტი, მანგანუმის საბადოები...

სამრეწველო ემისიების რეგულირების კანონპროექტი ბიზნესს ინტეგრირებული ნებართვის ფლობას დაავალდებულებს

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესაბამისად საქართველო ემისიების პრევენციის მიზნით აქტიური და ქმედითი ნაბიჯების გადადგმას იწყებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ უკვე შემუშავდა „სამრეწველო ემისიების შესახებ“ კანონპროექტი, რომლის მიხედვით, ქვეყანაში ახალი ინტეგრირებული სანებართვო სისტემა დაინერგება. კანონპროექტის მიზანი სამრეწველო საქმიანობის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში, წყალსა და მიწაში ემისიების პრევენცია, შემცირება და კონტროლია. პროექტი ითვალისწინებს ნარჩენების წარმოქმნის პრევენციასაც. ახალი კანონპროექტი მსხვილ სამრეწველო საწარმოებს ავალდებულებს, გარემოს დაბინძურების შესამცირებლად, გაუმჯობესებული ტექნოლოგიების დანერგვა უზრუნველყონ. პროექტი საკანონმდებლო ორგანოს საშემოდგომო სესიაზე განსახილველად წარედგინება.

როგორც „კომერსანტთან“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტის ინტეგრირებული მართვის სამმართველოს უფროსი ნინო ობოლაშვილი განმარტავს, სამრეწველო სექტორის რეგულირების ახალი სისტემის ამოქმედება დაგეგმილია 2026 წლის 1-ლი სექტემბრიდან. აღსანიშნავია, რომ 2026 წლის 1-ლი სექტემბრიდან რეგულირება შეეხებათ ახალ საწარმოებს, ხოლო არსებულ საწარმოებზე გავრცელდება 2028 წლის 1-ელი სექტემბრიდან. თუმცა საყურადღებოა, რომ 2028 წლიდან რეგულაცია არსებული საწარმოებისთვის ძალაში შევა სექტორულად.

„სამრეწველო ემისიების შესახებ“ კანონპროექტი 2010/75/EU დირექტივის პრინციპებზეა (IPPC პრინციპები) აგებული და 5 ძირითად პრინციპს აერთიანებს:

1. ინტეგრირებული მიდგომა, რაც გულისხმობს იმას, რომ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე კანონქვემდებარე აქტები დაარეგულირებს ემისიებს ყველა მიმართულებით, მათ შორის ჰაერში, წყალში, მიწაში. მოიცავს ვიბრაციის და ხმაურის რეგულირების საკითხებს. მოიცავს ასევე ნარჩენების მართვის პრევენციას, ენერგოეფექტურობის და რესურსეფექტურობის საკითხებს და ასე შემდეგ.

2. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა (BAT) – ეს პრინციპი მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის. რეგულირება ეყრდნობა საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის გამოყენებას.

3. მოქნილობის მექანიზმი, – გარდა იმისა რომ საკმაოდ ზოგად და მნიშვნელოვან ჩარჩოს აწესებს კანონი, ასევე იძლევა საწარმოებზე ინდივიდუალური მიდგომის საშუალებას და გარკვეული გადახვევის მექანიზმებიც შემოაქვს.

4. რისკების შეფასებაზე დაფუძნებული კონტროლის მექანიზმი. ეს არის ინსპექტირების მექანიზმი, რომელიც აფასებს ცალკეული საწარმოდან მომდინარე რისკებს და ისე იგეგმება ინსპექტირება.

5. საზოგადოების მონაწილეობის მექანიზმი – კანონის პროექტი უზრუნველყოფს საზოგადოების მაქსიმალურ ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების ყველა ეტაპზე.

როგორც ნინო ობოლაშვილი განმარტავს, კანონპროექტი აწესებს სამრეწველო სექტორისთვის ინტეგრირებული ნებართვის ფლობის ვალდებულებას. ინტეგრირებული სანებართვო პროცედურა 120 დღიანი პროცედურაა, თუმცა კანონპროექტი ითვალისწინებს დაჩქარებული მექანიზმსაც.

რაც შეეხება ნებართვების ღირებულებას მისი ფასი სტანდარტულ დროში (120 დღე) 5000 ათასი ლარი იქნება, ხოლო დაჩქარებული პროცედურის შემთხვევაში კი – 7500 ლარი. დაჩქარებული მექანიზმი ნებართვის გაცემას 80 სამუშაო დღეში ითვალისწინებს.

ინტეგრირებული ნებართვის ფლობის ვალდებულება გავრცელდება როგორც ახალ ასევე არსებულ საწარმოებზე.

„როდესაც ვსაუბრობ სამრეწველო საწარმოებზე არ ნიშნავს იმას, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული რეგულირება ყველა სამრეწველო საწარმოზე გავრცელდება. ის გავრცელდება მხოლოდ მსხვილ სამრეწველო ობიექტებზე“, – ამბობს ნინო ობოლაშვილი.

კანონპროექტით გათვალისწინებულია შემდეგ სექტორებში ოპერირებადი მსხვილი საწარმოების რეგულირება: ენერგიის წარმოება, ლითონების წარმოება და დამუშავება, მინერალური ნედლეულის გადამუშავება, ქიმიური მრეწველობა, ნარჩენების მართვა, სოფლის მეურნეობა, სურსათის წარმოება და სხვა.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, იმისათვის, რომ ბიზნესმა საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის პრინციპი დააკმაყოფილოს, ამ მიმართულებით გარკვეული სტანდარტების დანერგვაც მოუწევს.

„საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის დანერგვაც კომპლექსური თემაა და არ მოაზრება მხოლოდ ახალი და ძვირადღირებული დანადგარების მონტაჟი. თუმცა გარკვეული საწარმოების შემთხვევაში აუცილებელი გახდება სრული საწარმოო გადაიარაღებაც.

საგულისხმოა, რომ საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა გულისხმობს საწარმოების მართვის ახლებურ მექანიზმებს“, – განმარტავს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტის ინტეგრირებული მართვის სამმართველოს უფროსი ნინო ობოლაშვილი.

რაც შეეხება საწარმოთა შემოწმების სიხშირეს ის დაფუძნებულია, გარემოს დაცვითი რისკების შეფასებაზე და არ უნდა აღემატებოდეს 1 წელიწადს მაღალი რისკის მქონე საქმიანობებისთვის და 3 წელიწადს – დაბალი რისკის მქონე საქმიანობებისთვის.

რა ჯარიმები იარსებებს, თუ სამრეწველო საწარმომ სამომავლოდ დაარღვია „სამრეწველო ემისიების შესახებ“ კანონი და ინტეგრირებული ნებართვის გარეშე მოახდინა ოპერირება?

კანონის პროექტის მიხედვით, საქმიანობის განხორციელება ინტეგრირებული ნებართვის გარეშე გამოიწვევს დაჯარიმებას 25 000 ლარიდან 30 000 ლარამდე, ხოლო ინტეგრირებული ნებართვის პირობების შეუსრულებლობა – 10 000 ლარიდან 15 000 ლარამდე.

წყარო: “კომერსანტი”

Leave a Reply

Menu Title