საწვავი 12–15 თეთრით გაძვირდა – ფასების ზრდა შესაძლოა, მომავალშიც გაგრძელდეს

როგორ შეიცვალა საწვავის ფასები საქართველოში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ

რუსეთის მიერ უკრაინაში სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასებმა მკვეთრი ზრდა დაიწყო. ომის დაწყებიდან მალევე Brent-ის ტიპის ნედლი ნავთობის ფასმა ბარელზე 120 დოლარსაც კი გადააჭარბა.

ნავთობის გაძვირებამ საწვავის შემოტანა კომპანიებს საქართველოშიც გაუძვირა და ადგილობრივ ბაზარზე ფასები რეკორდულ ნიშნულამდე გაზარდა.

ბოლო 2 თვეში ნავთობის ფასი დასტაბილურდა – Brent-ი დღეს 94 დოლარამდე ღირს, WTI-ის ტიპის ნედლი ნავთობი კი 88 დოლარამდე, რაც ომამდელი ღირებულების ტოლია. ნავთობის ფასის კლების და ლარის კურსის 4-კვირიანი მკვეთრი გამყარების პარალელურად, საწვავის გაიაფებაზე საქართველოშიც ალაპარაკდნენ.

ფასების კლება საქართველოში უკვე დაწყებულია არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე, სადაც საწვავი, დაახლოებით, 30 თეთრითაა გაიაფებული. რაც შეეხება, ბრენდირებულ სადგურებს, დიზელზე ფასებმა აგვისტოში უკვე დაიკლო 10-15 თეთრით, ბენზინზე კი ფასები ჯერ არ შემცირებულა და კვლავ მაღალ ნიშნულზე რჩება.

შემოსავლების მიხედვით საქართველოში უმსხვილესი ნავთობიმპორტიორის, „სოკარის“ ფასების არქივის თანახმად, კომპანიის ბენზინგასამართ სადგურებზე იანვარ-ივლისში ევრო რეგულარის ტიპის საწვავზე თვიური საშუალო ფასი თითქმის 21.6%-ით გაიზარდა – იანვარში თუ 3.06 ლარი იყო ღირებულება, ივლისში 3.72 ლარამდე, 66 თეთრით მოიმატა.

კიდევ უფრო მეტია ფასნამატი დიზელზე – წლის პირველ თვეში, იანვარში, „სოკარის“ სადგურებზე ევრო დიზელის საშუალო ფასი 2.98 ლარს შეადგენდა, ივლისში კი საშუალო ფასი 4.66 ლარი, 1.68 ლარით მეტი იყო, რაც 56.4%-იანი ზრდაა.

რაც შეეხება კიდევ ერთ მსხვილ ნავთობიმპორტიორს საქართველოში, „ვისოლს“, ევრო რეგულარის ტიპის საწვავის საშუალო ფასმა ამ კომპანიის სადგურებზე იანვარ-ივლისში 20.2%-ით, 63 თეთრით მოიმატა. იანვარში საშუალო ფასმა თუ 3.12 ლარი შეადგინა, ივლისში 3.75 ლარი იყო.

51.6%-ით, 1.62 ლარითაა გაზრდილი ფასები დიზელზე „ვისოლის“ სადგურებზე და ივლისის საშუალო მაჩვენებელი 4.76 ლარს შეადგენს.

მონაცემებიდან ჩანს, რომ წლის დასაწყისში ევრო რეგულარისა და ევრო დიზელის ფასები ერთმანეთისგან მცირედით განსხვავდებოდა, მეტიც, კომპანიების ნაწილი დიზელს უფრო იაფადაც ყიდდა, თუმცა ახლა მდგომარეობა განსხვავებულია და ორი ტიპის საწვავს შორის თითქმის 1 ლარიანი სხვაობაა.

როგორც კომპანია „სენტა ოილის“ დამფუძნებელი, ზაალ იაკობაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტავს, რუსეთიდან საქართველოში შემოტანილი ბენზინის ფასი ბევრად უფრო ნაკლებია, ვიდრე დიზელისა და სხვაობას სწორედ ეს განაპირობებს.

ცნობისთვის, საქართველოში საწვავის მთავარი შემომტანი წელს რუსეთი გახდა. 2021 წელს პირველ ადგილზე თურქმენეთი იყო, თუმცა მიმდინარე წელს საწვავის ფასის რეკორდული ზრდის გამო, ნავთობიმპორტიორებს საქართველოში ფასდაკლებული რუსულ საწვავი შემოაქვთ. ტოპ 5 იმპორტიორ ქვეყანაში შედიან რუმინეთი, თურქმენეთი, ბულგარეთი და აზერბაიჯანიც.

წყარო: bpn.ge

Leave a Reply

Menu Title