დავით ნარმანია: ენერგეტიკული ბაზრის ამოქმედების შემდეგ მოსახლეობა და მცირე და საშუალო ბიზნესი ელექტროენერგიას კვლავ სემეკის მიერ დადგენილი ტარიფებით მიღებს

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, ენერგეტიკული ბაზრის ამოქმედების შემდეგაც მოსახლეობა და მცირე და საშუალო ბიზნესი ელექტროენერგიას კვლავ სემეკის მიერ დადგენილი ტარიფებით მიღებს.

რაც შეეხება თავად ენერგეტიკული ბირჟის მუშაობის პრინციპს, ნარმანიას განმარტებით, პირველ ეტაპზე ბაზარზე ყველაზე მსხვილი 22 კომპანია გავა, ელექტროენერგიის საბაზრო ფასი კი მოთხოვნა-მიწოდების საფუძველზე ჩამოყალიბდება.

„ახალი ბაზარი ეს არის ევროპული ტიპის ყაიდაზე დაფუძნებული ელექტროენერგიის ბაზარი, სადაც მომხმარებლები და მიმწოდებლები ბირჟაზე ივაჭრებენ ელექტროენერგიით. პირველი ეტაპი არის ყველაზე მსხვილი 22 კომპანიის გასვლა ბაზარზე. თუ ადრე ეს მომხმარებლები „თელასიდან“ და „ენერგო-პროდან“ ყიდულობდნენ ენერგიას, შემდეგ უკვე „თელმიკოდან“ და „ენერგო-პროდან“, ბაზრის გახსნის შემდეგ ეს 22 კომპანია ბაზარზე იყიდის ენერგიას. შეეძლებათ წინა დღეს დადონ განაცხადი მომდევნო დღის ენერგიის შესყიდვასთან დაკავშირებით. ბაზარზე იქნებიან ელექტროენერგიის მიმწოდებლები – ჰიდროელექტროსადგური, თბოსადგურები, იმპორტიორები, რომელთაც ექნებათ ენერგია გასაყიდი და მოთხოვნა-მიწოდების საფუძველზე საბაზრო ფასი ჩამოყალიბდება. ცოტა მოგვიანებით ჩაერთვება ბაზარი, როდესაც საათობრივად შეძლებენ ეს კომპანიები იყიდონ ენერგია ბაზარზე. საათობრივი ვაჭრობის მთავარი სიკეთე არის ის, რომ არაპიკურ საათებში ენერგია იქნება გაცილებით იაფი, ვიდრე პიკურ საათებში, შესაბამისად, მათ შეეძლებათ თავიანთი წარმოება, საქმიანობა დაგეგმონ ისეთნაირად, რომ უფრო იაფი ენერგიით შეძლონ პროდუქციის წარმოება და ამით პროდუქციის თვითღირებულება შეამცირონ, ესაა ერთ-ერთი მთავარი სიკეთე ამ ყველაფრის.

რაც შეეხება მოსახლეობას და მცირე და საშუალო ბიზნესს, ჩვენი კანონმდებლობით ესენი არის უნივერსალური მომსახურების ქვეშ მყოფი პირები, რომელთაც ტარიფს კვლავ მარეგულირებელი კომპანია დაუდგენს. ვინაიდან მათთვის რთულია კომპიუტერის მეშვეობით ყოველდღიურად ბაზარზე ყიდვა, ისინი სტანდარტული პირობებით, როგორც აქამდე იღებდნენ ენერგიას, კვლავ სემეკის მიერ დადგენილი ტარიფებით მიიღებენ. ცოტა უფრო გვიან, ბუნებრივი გაზის ბაზრის რეფორმაც დაიწყება და როგორც ელექტროენერგიის სექტორში, აქაც გაიხსნება ბაზარი“,- განაცხადა დავით ნარმანიამ მედიაცენტრ „მთავარში“.

Leave a Reply

Menu Title