ნორვეგიამ, დასავლეთ ევროპისთვის გაზის მიწოდებით რუსეთს გაუსწრო

ყაზახეთი ნავთობის ნაწილს რუსეთის გვერდის ავლით, აზერბაიჯანსა და საქართველოზე გავლით გაყიდის

გამოცემა Reuters სამ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ყაზახეთი ნავთობის ექსპორტის მარშრუტს ცვლის და რუსეთის ნაცვლად ნავთობის ნაწილს აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით გაყიდის.

გამოცემის ინფორმაციით, ყაზახეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია „ყაზმუნაიგაზი“ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკართან“ მოლაპარაკებას აწარმოებს, რომ წლიურად 1.5 მილიონი ტონა ნავთობი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გავლით გაიტანოს მსოფლიო ბაზარზე. Reuters-ის ინფორმაციით, მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა და ხელშეკრულების გაფორმება მალევე, თვის ბოლოს იგეგმება. ნავთობის ექსპორტი კი ერთი თვის შემდეგ სრულად დაიტვირთება.

ასევე, 2023 წლიდან ყაზახური ნედლი ნავთობის გატანა იგეგმება ბაქო-სუფსა ნავთობსადენის მეშვეობით. ამ მარშრუტზე წლიურად შესაძლოა, 3.5 მილიონი ტონა გაიტანონ.

ყაზახეთს ბოლო 20 წელია ნედლი ნავთობი კასპიური ნავთობსადენის კონსორციუმის მეშვეობით გააქვს, რომელიც ნავთობის ტრანსპორტირებას ყაზახეთიდან რუსეთში, შავი ზღვის სანაპიროზე, ნოვოროსიისკის პორტში უზრუნველყოფს.

ყაზახეთი ნავთობის მსოფლიო ბაზარზე 1%-ზე მეტს იკავებს და დღიურად, დაახლოებით, 1.4 მილიონი ბარელი ნავთობი გააქვს ექსპორტზე.

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის დატვირთვის შემთხვევაში, კასპიური ნავთობსადენიდან, დაახლოებით, დღიური ექსპორტის 8% გადმოინაცვლებს.

როგორც Reuters წერს, ნავთობის ექსპორტის მარშრუტის ცვლილებას სირთულეებიც ახლავს თან. პირველ რიგში, ყაზახეთიდან ბაქომდე ნავთობი მცირე ზომის ტანკერებით უნდა გადაიტანონ, ასევე განსხვავებულია კასპიურ მილსადენსა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენში გამავალი ნავთობის ტიპიც.

გამოცემის ინფორმაციით, მარშრუტის შეცვლაზე მუშაობს ნავთობკომპანია „თენგიზშევროლი“, რომელმაც აპრილში ნედლი ნავთობის მცირე რაოდენობა უკვე გადმოამისამართა საქართველოზე და ექსპორტზე ბათუმის პორტის გავლით გააქვს.

 

Leave a Reply

Menu Title