რუსეთი გამართლებულად მიიჩნევს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მისიის ჩასვლას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე

რუსეთი გამართლებულად მიიჩნევს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლების ჩასვლას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, რაც შეიძლება მალე.

ამის შესახებ გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვასილი ნებენზიამ განაცხადა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელიც რუსეთის ჯარების მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში არსებულ ვითარებას შეეხებოდა.

ამასთან, ნებენზიამ მხარი არ დაუჭირა წინადადებას ატომური ელექტროსადგურის გარშემო დემილიტარიზებული ზონის შექმნის შესახებ. მისი თქმით, რუსეთი ატომურ ელექტროსადგურს იცავს, მათ შორის, შესაძლო ტერორისტული თავდასხმებისგანაც. მანამდე, გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა მოუწოდა მხარეებს, შეჩერდეს ყველა საბრძოლო მოქმედება ატომურ ელექტროსადგურთან, გამოყვანილ იქნას მთელი სამხედრო პერსონალი და ტექნიკა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიისთვის უზრუნველყოფილი იყოს “დაუყოვნებლივი, უსაფრთხო და შეუფერხებელი” წვდომა ელექტროსადგურზე.

“ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ან უკრაინაში არსებული – ან თუნდაც სადმე სხვაგან – ნებისმიერი სხვა ატომური ობიექტების პოტენციურმა დაზიანებამ შეიძლება გამოიწვიოს კატასტროფული შედეგები არა მხოლოდ ახლომდებარე შემოგარენისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის და მის ფარგლებს გარეთაც. ეს სრულიად მიუღებელია”, – განაცხადა გაეროს ხელმძღვანელმა.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს უფროსმა, რაფაელ გროსიმ, გაეროს უშიშროების საბჭოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში ავარიის უშუალო საფრთხე არ არსებობს, მაგრამ ვითარება შესაძლებელია, ნებისმიერ მომენტში შეიცვალოს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის მოქალაქეებისადმი თავის საღამოს მიმართვაში განაცხადა, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში რუსეთი პლანეტის ღია ბირთვულ შანტაჟზე გადავიდა და რომ ევროპის ბირთვული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია, დაუყოვნებლივ მოხდეს იქიდან რუსების განდევნა.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ბოლო რამდენიმე დღეა, იბომბება – რუსეთი და უკრაინა ამაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. 11 აგვისტოს უკრაინულმა “ენერგოატომმა” ელექტროსადგურის მორიგ დაბომბვაზე ისაუბრა: ამტკიცებდა, რომ თავდასხმის სამიზნე გახდა სახანძრო ნაწილი, დაზიანდა საყოფაცხოვრებო-ჩამდინარე წყლების სატუმბი სადგური. გარდა ამისა, ხუთი რაკეტა აფეთქდა სადგურის კომენდატურის რაიონში – შედუღების ნაკვეთისა და რადიოაქტიური გამოსხივების წყაროების საცავის გვერდით. “ენერგოატომი” დაბომბვაში რუს სამხედროებს ადანაშაულებს.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაბომბვის შესახებ განაცხადა ასევე ზაპოროჟიეს ოლქის რუსეთის კონტროლის ქვეშ მოქმედი სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ევგენი ბალიცკიმ. მან დაბომბვაში უკრაინელი სამხედროები დაადანაშაულა. მისი თქმით, რადიოაქტიური იზოტოპების საცავის რაიონში დაფიქსირდა სულ მცირე, სამი იერიში. დაზიანდა “კახოვსკაიას” ქვესადგურის მაღალი ძაბვის ხაზი. ამასთან, მან აღნიშნა, რომ “ამჟამად სადგურზე არანაირი დაბინძურება არ ფიქსირდება, რადიოაქტიური ფონი ნორმალურია”.

წყარო: radiotavisupleba.ge

Leave a Reply

Menu Title