ნავთობპროდუქტებზე მოთხოვნა გაზრდილია და ტენდენცია სამომავლოდაც შენარჩუნდება

ნავთობპროდუქტების იმპორტია ივლისში გაიზარდა. განსაკუთრებით ეს ეხება საცხებ-საპოხი მასალებს, რომლის იმპორტიც ივლისში წინა თვის (ივნისი), ასევე წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მატულობს. ასევე ზრდას აჩვენებს სანავთობო ბიტუმის იმპორტი. რაც შეეხებასაავიაციო ნავთის სეგმენტს, იქ იმპორტში მცირე კლებაა, თუმცა, როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში აღნიშნავენ, მოხმარება მაინც ინტენსიურია და ეს საჰაერო მიმოსვლის გააქტიურებას უკავშირდება, რისი ტენდენციაც სამომავლოდაც შენარჩუნდება.

მთლიანობაში, ნავთობპროდუქტების ბაზარზე საგრძნობი მატება არ შეინიშნება, თუმცა არც შემცირებას აქვს ადგილი და არსებული ვითარება მეტ-ნაკლებად პოზიტიურია. როგორც აღმოჩნდა, 2022 წლის ივლისის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 2,16 ათასი ტონა, რაც 0,45 ათასი ტონით, ანუ 26,3%-ით მეტია წინა თვის მაჩვენებელთან (1,71 ათასი ტონა) შედარებით და 0,61 ათასი ტონით, ანუ 39,3%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (1,55 ათასი ტონა) შედარებით.

რაც შეეხება ქვეყნებს, საიდანაც აღნიშნულ პერიოდში საქართველომ საცხებ-საპოხი მასალების იმპორტი განახორციელა,  ლიდერ პოზიციაზე თურქეთია. იმპორტმა ამ მიმართულებით  0,43 ათასი ტონა შეადგინა, რაც მთელი იმპორტის 19,9%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ირანი – 0,42 ათასი ტონა (19,4%), რუსეთი – 0,28 ათასი ტონა (13%), გერმანია – 0,15 ათასი ტონა (6,9%); და სხვ.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის ივლისში საავიაციო ნავთის იმპორტი გაიზარდა. თუმცა წლიურ ჭრილში კლებაა. კერძოდ, მან  შეადგინა 13,2 ათასი ტონა, რაც 5,8 ათასი ტონით ანუ 78,4%-ით მეტია ივნისის მაჩვენებელთან (7,4 ათასი ტონა) შედარებით და 2,3 ათასი ტონით ანუ 14,8%-ით ნაკლები გასული წლის ანალოგიური თვის მაჩვენებელთან (15,5 ათასი ტონა) შედარებით. მათ შორის, მიმდინარე წლის ივლისში საავიაციო ნავთის იმპორტის 72% (9,5 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 28% (3,7 ათასი ტონა) – საბერძნეთიდან;

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, როგორც წლიურად, ასევე ივლისის თვის განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა ზრდა დააფიქსირა. კერძოდ, 2022 წლის ივლისის განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 12,4 ათასი ტონა, რაც 1 ათასი ტონით, ანუ 8,8%-ით მეტია წინა თვის მაჩვენებელთან (11,4 ათასი ტონა) შედარებით და 1 ათასი ტონით, ანუ 8,8%-ით მეტი ასევე გასული წლის ანალოგიური თვის მაჩვენებელთან (11,4 ათასი ტონა) შედარებით.

2022 წლის ივლისში სანავთობო ბიტუმის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა აზერბაიჯანიდან – 11,7 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 94,4%-ს შეადგენს. შემდეგ მოდის: თურქმენეთი – 0,7 ათასი ტონა (5,6%). 2022 წლის ივლისის თვის განმავლობაში გათხევადებული აირების იმპორტმა შეადგინა 4,2 ათასი ტონა, რაც 0,9 ათასი ტონით, ანუ 27,3%-ით მეტია წინა თვის მაჩვენებელთან (3,3 ათასი ტონა) შედარებით და ანალოგიურია გასული წლის ანალოგიური თვის მაჩვენებელთან (4.2 ათასი ტონა) შედარებით.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის ივლისში გათხევადებული აირების იმპორტის თითქმის 100% რუსეთის ფედერაციიდან განხორციელდა.

ამდენად, იმპორტის დინამიკა მეტ-ნაკლებად პოზიტიურია. როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ ვანო მთვრალაშვილმა აღნიშნა, ზაფხულის სეზონიდან გამომდინარე, მოთხოვნა იზრდება, რაც დაკავშირებულია ასევე ეკონომიკის გამოცოცხლებასთან და ეს მოცემულობა შენარჩუნდება.

,,ნავთობპროდუქტების იმპორტი ძირითადად  პოზიტიურ დინამიკას აჩვენებს სხვადასხვა კატეგორიაში. შესაბამისად, იზრდება მოხმარება. განსაკუთრებით თვალში საცემია საავტომობილო ზეთების იმპორტი და აგრეთვე სანავთობო ბიტუმისა, რომელიც ზრდას აფიქსირებს.

მართალია მცირედით შემცირდა საავიაციო ნავთის იმპორტი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მოხმარებამ იკლო. პირიქით,  საჰაერო მიმოსვლა, საერთაშორისო რეისების განხორციელება კვლავინდებურად მაღალ მაჩვენებელზეა.

რაც შეეხება თხევადი აირის  სეგმენტს, საინტერესოა, რომ მისი იმპორტი და მოხმარება არ იზრდება მიუხედავად იმისა, რომ ბენზინის ფასი მაღალია, ხოლო თხევადი გაზი მისი  ალტერნატივაა. მოგეხსენებათ, ბენზინის ღირებულება დღესაც ერთ-ერთ მაღალ ნიშნულს ინარჩუნებს, მაგრამ თხევადი გაზის იმპორტისა და მოხმარების მოცულობის ზრდა ამ მოცემულობაშიც არ ფიქსირდება.

მთლიანობაში, საწვავის  ბაზარზე  დადებითი ტენდენციაა, რაც დაკავშირებულია იმასთან, რომ საბიუჯეტო შემოსავლები მატულობს, გარდა ამისა, მოხმარების ზრდა, გარკვეულწილად, ეკონომიკის აქტივობას უკავშირდება, რაც აშკარაა.  შესაბამისად, ადგილი აქვს პოზიტიურ ტრენდს, რომელიც დიდი ალბათობით, შენარჩუნდება.

აგვისტო და სექტემბერი ამ მხრივ აქტიური თვეებია და ამ პერიოდში   საავტომობილო ტრანსპორტის მოძრაობა ტრადიციულად გააქტიურებულია.  ამდენად, ნავთობპროდუქტებზე მოთხოვნა მეტ-ნაკლებად გაზრდილია და ტენდენცია სამომავლოდაც შენარჩუნდება“, – აღნიშნა ვანო მთვრალაშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას.

წყარო: resonancedaily.com

Leave a Reply

Menu Title