ველური ბუნების ეროვნულ სააგენტოში პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება – საქართველო” ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ველური ბუნების ეროვნულ სააგენტოში, შვედეთის მთავრობის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება – საქართველო” ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას ველური ბუნების სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტი „გადავარჩინოთ ბუნება საქართველო“, ველური ბუნების სააგენტოს ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებით, საქართველოს ველური ბუნების მდგრადი მართვის პრინციპების დანერგვას უწყობს ხელს. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია კრწანისის ტყე-პარკში არსებული ეკოსისტემის აღდგენა, რეკრეაციისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაზე გათვალისწინებული საჯარო სივრცის მოწყობა.

„შეხვედრაზე ველური ბუნების სააგენტოს უფროსმა, რევაზ ბეჟაშვილმა და პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება – საქართველო“ განმახორციელებელი ჯგუფის წევრებმა პროექტის კონცეფცია, განხორციელებული აქტივობები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

პროგრამის ფარგლებში, კრწანისის ტყე-პარკის შიდა გზების რეაბილიტაცია უკვე დასრულდა – 7,5 კმ საგზაო მონაკვეთს აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა; დასრულდა 150 ჰა-ს შეღობვის, ღობის პერიმეტრის გამწვანებისა და გარე განათების სამუშაოები; მოეწყო დეკორატიული სკვერები და სარწყავი სისტემები. ტყე-პარკში სხვადასხვა სახეობის 5000-მდე მწვანე ნარგავი დაირგა და ბალახის საფარი დაიგო.

გარდა ზემოაღნიშნულისა, პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება საქართველოს“ ფარგლებში, მუშაობა მიმდინარეობს კანონპროექტზე „ნადირობისა და სანადირო სახეობათა მართვის შესახებ“, რაც ხელს შეუწყობს ბრაკონიერობის შემცირებასა და ევროპულ გამოცდილებაზე დაფუძნებულ მონადირეთა სერტიფიცირების სისტემის შექმნას. კანონპროექტის მიზანია ნადირობის ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური ფასეულობების თანაბრად გათვალისწინება და სანადირო სახეობებისა და მათი საბინადრო გარემოს (ჰაბიტატი) მდგრადი მართვა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Leave a Reply

Menu Title