“ელექტროენერგიის ტარიფი რეგიონში იმდენად მაღალია, რომ გვიღირს, თბოსადგურები ვამუშაოთ”

ენერგეტიკოსები ელექტროენერგიის რეკორდულ მაჩვენებლებს ერთის მხრივ, კარგ ჰიდროლოგიას, მეორეს მხრივ კი, რეგიონში ელექტროენერგიის მაღალ ტარიფებს უკავშირებენ.

ენერგეტიკოსი გია ბარამიძე აცხადებს, რომ წელს არსებობს რესურსი, რათა ელექტროენერგიით ვაჭრობა წლიურ ჭრილში დადებითი სალდოთი დასრულდეს.

„წელს წინა პერიოდებისგან განსხვავებული სიტუაციაა. ამ სიტუაციას განაპირობებს ის, რომ თურქეთის ეკონომიკა ძალიან სწრაფი ტემპით იზრდება პანდემიის შემდგომ. შესაბამისად, მზარდია ელექტრულ ენერგიაზე მოთხოვნაც, რაც თავის მხრივ, მაღალ ფასს განაპირობებს. ამ ეტაპზე, ეს სასიამოვნოა და გვაწყობს, რომ მაღალ ფასში ვყიდით ელექტროენერგიას, შეიძლება ითქვას, სერიოზულად მაღალ ფასშიც კი. მთავარია, ეს ვითარება შეიცვალოს იმ დროისთვის, როდესაც ჩვენ თავად დაგვჭირდება ელექტროენერგიის შეძენა.

ჩვენი გენერაციის ზრდა წელს კარგმა ჰიდროლოგიამ განაპირობა. ჰიდროელექტროსადგურებმა საკმაოდ სერიოზული რაოდენობის ელექტროენერგია გამოიმუშავეს. ამასთან, ჩვენ ივნის-ივლისში და აგვისტოში არასდროს არ გვქონია თბოელექტროსადგურები ჩართული. დღეს ორი ბლოკი მუშაობს. ეს იმიტომ, რომ თურქეთის ბაზარზე არსებული ფასის გათვალისწინებით ჩვენ შეგვიძლია, ვიყიდოთ გაზი, ამით გამოვიმუშაოთ ელექტროენერგია და გავყიდოთ. ენერგიის ტარიფი იმდენად მაღალია, რომ ფარავს როგორც იმპორტირებული გაზის საფასურს და წარმოების ხარჯებს, ასევე რჩება მოგებაც.

ძალიან კარგი 6-7 თვე გავიარეთ, ასე ვერ გაგრძელდება, რადგან გენერაცია ეტაპობრივად სექტემბრიდან შემცირდება. კარგი იქნება, თუ როდესაც უკვე ელექტროენერგიის შეძენას დავიწყებთ, წელს დადებითი სალდოთი დავხურავთ“, – გია არაბიძე.

წყარო: 1tv.ge

Leave a Reply

Menu Title