რომეო მიქაუტაძე კონფერენციაზე „მზის ფოტოელექტრული (PV) სისტემები საქართველოს ქალაქებისთვის“ მოხსენებით გამოვიდა

„საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის წყაროების უკეთ ათვისების მიმართულებით. ჩვენ, პოლონეთის მთავრობისა და UNIDO – ს მხარდაჭერით, ვიწყებთ საქართველოს ხუთ მუნიციპალიტეტში პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ხელისუფლებების მხარდაჭერას მდგრადი ენერგეტიკის პროექტების განხორციელების გზით, მუნიციპალური მდგრადი ენერგიისა და კლიმატის სამოქმედო გეგმების ფარგლებში. იმედი გვაქვს, რომ პროექტი გამოიწვევს ცნობიერების ამაღლებას რეგიონებში და მწვანე ტექნოლოგიებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის ადგილობრივი ბაზრის ამოქმედებას, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ კონფერენციაზე „მზის ფოტოელექტრული (PV) სისტემები საქართველოს ქალაქებისთვის“ სიტყვით გამოსვლისას.

კონფერენცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და „პოლონეთის განახლებადი ენერგიის ინსტიტუტის“ (IEO) ორგანიზებით გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) პროექტის „საქართველოს რეგიონებისა და თემების გადასვლა მდგრადი ენერგეტიკული მომავლისთვის“ ფარგლებში ჩატარდა. პროექტის მიზანია საქართველოს ხუთ ქალაქში მზის ენერგიის გამოყენების ხელშეწყობა და მზის ფოტოელექტრული (PV) სისტემების დანერგვა მუნიციპალურ ეკონომიკის დონეზე.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და ქვეყნის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების შედეგად, საქართველომ აიღო ვალდებულება ენერგეტიკის სექტორში ძირეული რეფორმების განსახორციელებლად, უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებების მეშვეობით, რაც ასევე გულისხმობს, სახელმწიფოს მასშტაბით განახლებადი ენერგიებისა და ენერგოეფექტურობის წახალისებას სხვა და სხვა სექტორებში. მისი თქმით, გამოიკვეთა მუნიციპალიტეტების ჩართულობის აუცილებლობა, რაც განისაზღვრა როგორც ევროკავშირის დირექტივებსა და რეგულაციებში , ასევე, საქართველოს ადგილობრივ კანონმდებლობაში.

რომეო მიქაუტაძემ ხაზი გაუსვა მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილების სამოქმედო გეგმების შემუშავების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ეს ვალდებულება განსაზღვრულია ევროსაბჭოს მერების შეთანხმებით, რომლის ხელმომწერი მხარეა 26 მუნიციპალიტეტი საქართველოდან. მისი თქმით, აღნიშნული გეგმების განხორციელება მნიშვნელოვან როლს შეიტანს ადგილობრივი განახლებადი ენერგიის რესურსების ათვისებასა და ენერგოეფექტური ღონისძიებების გატარებაში.

კონფერენციაზე ასევე სიტყვით გამოვიდა პოლონეთის ელჩი საქართველოში მარიუშ მასკევიჩი.

პროექტი ფოკუსირებულია საქართველოს ხუთ ქალაქში – ჩოხატაურში, გორში, ქუთაისში, ფოთში და ზუგდიდში PV ინვესტიციების განხორციელების საპროექტო ფაზის მხარდაჭერაზე. ღონისძიებების მიზანია საზოგადოებრივ შენობებზე (ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე) განლაგებული PV ინვესტიციების 12 ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შემუშავება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს თემების ენერგეტიკული გარდაქმნის დაჩქარებას. აგრეთვე შემუშავდება საქართველოს თემებზე მორგებული დაფინანსების ინოვაციური მექანიზმები (მაგ. მცირე პროექტების გაერთიანება “ბანკებისთვის მისაღებ” საინვესტიციო პაკეტებში).

პროექტი დაფინანსებულია პოლონეთის რესპუბლიკის მიერ და ხორციელდება პოლონეთის განახლებადი ენერგიის ინსტიტუტისა (EIO) და ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს (EECG) თანამშრომლობით.

Leave a Reply

Menu Title