ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი: გაზთან დაკავშირებული შანტაჟით პუტინმა აჩვენა, რომ სანქციები მოქმედებს

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდერ შალენბერგმა WienerZeitung-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოქმედება სულ უფრო მეტად საგრძნობი ხდება.

მისი თქმით, ამას ყველაზე ცხადად მეტყველებს ამასწინანდელი შანტაჟი, რომელსაც გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადთან“ დაკავშირებით მიმართა რუსეთმა. ახლახან რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ევროპაში გაზის მიწოდება არ განახლდება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ყველა სანქციის მოხსნამდე.

„ევროკავშირში ჩვენ ზოგჯერ ჩემპიონები ვართ პესიმიზმსა და რაღაცის მნიშვნელობის დაკნინებაში, მაგრამ ამ შემთხვევაში ამის მიზეზი ნამდვილად არ არსებობს,“ თქვა შალენბერგმა.

„სანქციები დღითიდღე უფრო ეფექტიანი ხდება. რუსეთის ეკონომიკის მთელი დარგები ჩერდება, რუსეთი რეცესიისკენ მიიწევს, ევროპისთვის კი პროგნოზი ჯერ კიდევ ზრდას წინასწარმეტყველებს,“ თქვა მან.

შალენბერგის თქმით, მას იმედი აქვს, რომ რაღაც მომენტში შესაძლებელი იქნება, ომის შესაწყვეტად დიპლომატიას დავუბრუნდეთ, მაგრამ მოცემულ მომენტში მნიშვნელოვანია სტრატეგიული მოთმინება და ძლიერი ნერვები.

მას შემდეგ, რაც მოსკოვმა აღიარა აღმოსავლეთ უკრაინის სეპარატისტული რესპუბლიკების დამოუკიდებლობა და რუსეთის ჯარები 24 თებერვალს უკრაინაში შეიჭრნენ, რუსეთის ეკონომიკის, საფინანსო სისტემის, ხელისუფლების და მასთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ მასშტაბური სანქციები აამოქმედეს ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა. რუსეთისთვის სანქციებით გამოცხადებული ბრძოლის გარდა, დასავლეთი უკრაინას უწევს ფინანსურ და სამხედრო დახმარებას.

წყარო: radiotavisupleba.ge

Leave a Reply

Menu Title