გარდაბნის თბოსადგურის შეძენით ჩინური კომპანიაა დაინტერესებული

გარდაბნის თბოსადგურის შეძენით ჩინური კომპანიაა დაინტერესებული

გარდაბნის თბოსადგურის შეძენით ჩინური კომპანიაა დაინტერესებული.  ენერგეტიკის სამინისტრო მოლაპარაკებებს Pegasus EastWest-თან აწარმოებს. საბოლოო გადაწყვეტილება თბოსადგურის ჩინური კომპანიისთვის მიყიდვასთან დაკავშირებით რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი.

თუმცა, დღეს არსებული სცენარით, თბოსადგურის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი, მთლიანად ქვეყანაში არ დარჩება. ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, სავარაუდოდ, 120 მილიონი დოლარი იმ გრძელვადიანი სესხის დაფარვას მოხმარდება, რომელიც ნავთობისა და გაზის კორპორაციამ თბოსადგურის მშენებლობისთვის აიღო. თბოსადგურის პრივატიზაციიდან ხელისუფლება დაახლოებით 300 მილიონ დოლარამდე ელოდება, ვალის დაფარვის შემდეგ კი ქვეყანაში 180 მილიონ დოლარამდე დარჩება.

რაც შეეხება დაინტერესებულ კომპანიას, როგორც „კომერსანტს“ ენერგეტიკის სამინისტროში განუცხადეს, კომპანიის წარმომადგენლები საქართველოში უკვე იმყოფებოდნენ და თბოსადგურიც დაათვალიერეს.

PEGASUS EastWest მსოფლიოში სწრაფად მზარდ ქვეყნებში ბიზნესის განვითარებაზეა ფოკუსირებული, ის ძირითადად აფრიკასა და სამხრეთ ამერიკაში ოპერირებს. კომპანია მსოფლიოს უდიდეს ფირმებთან უმეტესწილად ჩინეთსა და სამხრეთ კორეაში თანამშრომლობს.

კომპანიის სერვისებს შორის არის პროექტების ფინანსური დაგეგმვა და განხორციელება, ასევე კლიენტებისთვის სტრატეგიული რჩევების მიცემა.

PEGASUS EastWest-ის ერთ-ერთი მიმართულება კი სწორედ ენერგეტიკულ პროექტებში ინვესტირებაა.

საქართველოს ხელისუფლებამ გარდაბნის თბოსადგურის პრივატიზება ლარის კურსის დასასტაბილურებლად გადაწყვიტა. თბოსადგური საპრივატიზაციოდ თებერვლის ბოლოს გამოიტანეს. მისი მშენებლობა 2013 წლის შემოდგომაზე დაიწყო და ექსპლუატაციაში მიმდინარე წლის შემოდგომაზე უნდა შევიდეს. მისი თანამფლობელები ამ ეტაპზე სს „საპარტნიორო ფონდი“ (49%) და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ (51%)არიან. ჯამური ინვესტიცია თბოსადგურის ასაშენებლად 213 მილიონი დოლარია. მისი სიმძლავრე 220 მეგავატია.

წყარო: commersant.ge

Leave a Reply

Menu Title