პირველი კლიმატური სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ სათბური აირების ემისიის გამო

უზენაეს სასამართლოში აქტივისტებმა რუსეთის წინააღმდეგ პირველი კლიმატური სარჩელი შეიტანეს. მომჩივანი მხარე სახელმწიფოსგან გადაუდებელი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს, რაც აუცილებელია 2015 წლის პარიზის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად და სათბური აირების ემისიის რადიკალურად შესამცირებლად.

საჩივრის ავტორებს შორის ორი ორგანიზაცია Ekozashita (ეკოთავდაცვა) და „მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფია“, რუსეთის ადამიანის უფლებათა დაცვის უძველესი ორგანიზაცია, რომელიც საბჭოთა დისიდენტების მიერ დაარსდა. მათთან ერთად დამატებით თვრამეტი პირია იმ სარჩელის ავტორთა შორის, რომელიც რუსეთის სასამართლომ პირველად მიიღო.

ცნობისთვის, რუსეთი, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად, ერთ სულ მოსახლეზე სათბური აირებით ყველაზე დიდი დამბინძურებელია. თუმცა აქტივისტების სარჩელში ნათქვამია, რომ ხელისუფლება არასაკმარის ძალისხმევას დებს გარემოსდაცვით პოლიტიკაში კლიმატური ცვლილებების შესანელებლად. აქტივისტთა განცხადებით, რუსეთში, რომელიც თავისი სასტიკი ზამთრითაა ცნობილი, დათბობის სისწრაფე სახიფათოდ დაჩქარებულია.

„მაშინ როდესაც მთელ მსოფლიოში, უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში, პრეისტორიულ დონესთან შედარებით ტემპერატურა დაახლოებით 1°C-ით გაიზარდა, რუსეთში ტემპერატურული მატების მაჩვენებელი 2.5°C-ს უტოლდება. სახიფათოა, რომ ეს თანაფარდობა მომავალშიც შენარჩუნება, ანდაც გაუარესდება“, – ნათქვამია სასამართლოში შეტანილ სარჩელში.

გასულ წელს, რუსეთის მიერ დამტკიცებული სტრატეგიის თანახმად, 2050 წლისთვის, სათბური აირების მაჩვენებელი 1990 წელთან შედარებით 80%-ით, ხოლო 2019 წლის დონესთან შედარებით 60%-ით უნდა შემცირდეს. ემისიების წმინდა ნულოვანი მიზანი რუსეთისთვის 2060 წელია.

აქტივისტები ამ განკარგულების გაუქმებას და უფრო ამბიციური მიზნების დასახვას ითხოვენ. მოსარჩელეთა ჯგუფს სურს, რუსეთში სათბური აირების ემისია 2030 წლისთვის 1990 წლის დონესთან შედარებით 31%-ით შემცირდეს, 2050 წლისთვის კი არ უნდა აღემატებოდეს 1990 წლის მაჩვენებლის 5%-ს. „მხოლოდ ამ მიზნების დაცვით შეუძლია რუსეთს, შეასრულოს პარიზის კლიმატის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები“, – აცხადებენ აქტივისტები.

წყარო: forbes.ge

Leave a Reply

Menu Title