მეცნიერები დედამიწის პოლუსებზე დათბობის შესაჩერებლად მათ ხელახლა “გაყინვას” გვთავაზობენ

დედამიწის პოლუსები ძალიან სწრაფად თბება. მიმდინარე წლის დასაწყისში არქტიკისა და ანტარქტიკის რეგიონებში რეკორდული სითბური ტალღები დაფიქსირდა, რაც ყინულის ლღობას იწვევს და ზღვის დონის მატების საფრთხის წინაშე გვაყენებს. ამის შესაჩერებლად მეცნიერები გვთავაზობენ გეგმას, რომელიც იაფი და ეფექტიანია. ის მზის სხივების ნაწილობრივ დაჩრდილვას გულისხმობს.

სპეციალისტთა მიერ განხილული პოტენციური გეოინჟინრული პროგრამის მიხედვით, საფრენი აპარატებიდან ატმოსფეროში, ალასკის ქალაქ ანკორიჯისა და პატაგონიის სამხრეთ კიდის თავზე, აეროზოლის მიკროსკოპული ნაწილაკები გაიფრქვევა. თუ ისინი 13 000 მეტრ სიმაღლეზე გამოთავისუფლდება, ნელ-ნელა პოლუსებისკენ გადაინაცვლებს და მზის სხივების ნაწილს დაბლოკავს.

“პლანეტის გასაგრილებლად აეროზოლების გამოყენების მიმართ შიში ფართოდაა გავრცელებული, მაგრამ თუ საქმე რისკისა და სარგებლის თანაფარდობას ეხება, ყველაზე მეტად დადებით შედეგს სწორედ პოლუსებზე ვიხილავთ”, — აცხადებს ახალი კვლევის თანაავტორი, ვეიკ სმიტი.

ასეთ ნაწილაკებს სეზონურად, გაზაფხულისა და ადრეული ზაფხულის გრძელ დღეებში გააფრქვევენ. ძველი აპარატები, რომლებიც საავიაციო საწვავის გადასაზიდად გამოიყენება, ამისთვის არ გამოდგება, მაგრამ ახალი მოდელები ზემოხსენებულ დავალებას თავს მარტივად გაართმევს.

კერძოდ, საჭირო იქნება 125 ერთეულისგან შემდგარი ფლოტი, რომლის მეშვეობითაც პოლუსების მიმდებარე ტერიტორიაზე (60°) თითო წელს 2°C-ით აგრილდება და საბოლოოდ ტემპერატურა უწინდელ საშუალო მაჩვენებელს დაუბრუნდება. ყოველწლიური დანახარჯი 11 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდება, რაც, მაგალითად, ნულოვანი ემისიის მიღწევის ღირებულებას ბევრად ჩამოუვარდება.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ეს მხოლოდ სიმპტომების მკურნალობას ჰგავს და ძირეულ პრობლემას არ აგვარებს, ამიტომ სხვა ცვლილებებიცაა აუცილებელი. თანაც, მსგავსი მეთოდით გლობალურ დათბობას მთელ პლანეტაზე ვერ შევაჩერებთ.

წყარო: on.ge

Leave a Reply

Menu Title