2100 წლისთვის აშშ-ში მილიონზე მეტ სახლს წყალი დაფარავს

Climate Central-ის მიერ ჩატარებული ახალი ანალიზი ცხადყოფს, რომ ზღვის დონის მატება თანამედროვე მსოფლიოს იმაზე დიდ საფრთხეს შეუქმნის, ვიდრე აქამდე გვეგონა.

მოხსენებების მიხედვით, აშშ-ის დედაქალაქსა და 24 შტატში დატბორვის საფრთხის წინაშე მილიონზე მეტი საკუთრებაა. მათი საერთო ღირებულება $108 მილიარდს უტოლდება.

ზღვის დონის მატებას მაღალი და დაბალი წყლის ხაზებზე აქვს გავლენა. ისინი კერძო და საზოგადო საკუთრებას შორის საზღვრებს მიჯნავს. მოსალოდნელია, რომ ეს სანაპირო ზოლში განლაგებული კერძო საკუთრებების სამუდამო დატბორვას გამოიწვევს. მოვლენა, თავის მხრივ, სკოლებისა და ადგილობრივი მთავრობის მიერ უზრუნველყოფილი სხვა სერვისებისათვის დაფინანსების მთავარ წყაროს გააქრობს, რადგან დაიკარგება ადგილობრივი საკუთრების საგადასახადო შემოსავლებიც.

“ზღვის დონის მატებისაგან გამოწვეული ფინანსური ზარალი მხოლოდ სანაპირო ზოლზე არსებული ქონების მესაკუთრეებს არ შეეხებათ”, — განაცხადა ბენჯამინ შტრაუსმა, Climate Central-ის პრეზიდენტმა და უფროსმა მეცნიერმა.

ივარაუდება, რომ აშშ-ში 2050 წლისთვის მაღალი წყლის ხაზის ქვემოთ 4.4 მილიონი აკრი ჩაიძირება. ამ ტერიტორიის უდიდესი ნაწილი, 87%, ლუიზიანის, ფლორიდის, ჩრდილოეთი კაროლინისა და ტეხასის შტატებს ეკუთვნის. ამასთან ერთად, 30 ქვეყანა თავისი მიწის 10%-ზე მეტ ტერიტორიას დაკარგავს.

“ზღვის დონის მატებასთან ერთად მიქცევა-მოქცევის ხაზები მაღლა იწევს და ქვეყნის სიღრმეში აღწევს”, — განაცხადა დონ ბეინმა, Climate Central-ის უფროსმა მრჩეველმა — “ადამიანებს ეს ჯერაც არ გაუაზრებიათ — რომ ერთ დღესაც ზღვა მათ რაღაცას წაართმევს”.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ქვეყნის ეკონომიკაზე სხვა ფაქტორებიც იქონიებს გავლენას. 48 ათასზე მეტი საკუთრება 2050 წლისთვის შესაბამისი შტატების მიმოქცევითი საზღვრების დონეებს ჩასცდება, 64 ათასი შენობა კი მაღალი წყლის ხაზის ქვემოთ ნაწილობრივ მოექცევა. წინასწარი გაანგარიშებების მიხედვით, 2100 წლისთვის ზღვის დონის მატება დაახლოებით 300 ათას შენობაზე იქონიებს გავლენას.

Climate Central-ის მიგნებები Regrid.com-ის მონაცემებს ეფუძნება. გამოიყენეს სფეროს წარმომადგენლების მიერ მიმოხილული მოდელირებაც, რომელიც ზღვის დონის მატებას აღწერს.

წყარო: on.ge

Leave a Reply

Menu Title