„თბილისი ენერჯი“: 1- ელი იანვრიდან დღემდე, CO-თი ინტოქსიკაციით გარდაცვლილია 10 და მოწამლულია 51 ადამიანი, მათი 90 % ნაქირავებ და ნაგირავებ ბინებში ცხოვრობდა

1- ელი იანვრიდან დღემდე, CO-თი ინტოქსიკაციით გარდაცვლილია 10 და მოწამლულია 51 ადამიანი, – ამის შესახებ გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის“ ტექნიკური დირექტორის მოადგილემ, გიორგი ლეფსვერიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, გარდაცვლილი და მოწამლული ადამიანების 90% ნაქირავებ და ნაგირავებ ბინებში ცხოვრობდა.

„ჩვენმა კომპანიამ წელს ყველა აბონენტის მასშტაბური შემოწმება დაიწყო. ამ დრომდე, 205 731 აბონენტია შემოწმებული, ნებისმიერთან შევდივართ, რასაც კანონმდებლობა გვავალდებულებს. დანადგარების რევიზია ხდება, არასწორად დამონტაჟებული დანადგარები ქსელიდან იხსნება. 205 731 აბონენტის შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ 7 700 აბონენტს დანადგარი დარღვევით ეყენა, რაც მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნიდა. მიუხედავად ჩვენი მხრიდან გაწეული დიდი შრომისა, 24 -საათიანი მუშაობისა, მოსახლოებაში მაინც გვხდება არასწორად დამონტაჟებული დანადგარები, ღია წვის კამერიანი დანადგარები, რომელიც სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია. მინდა, გითხრათ, რომ წელს, არასრულ წელიწადში, 1- ელი იანვრიდან დღემდე, სამწუხაროდ, CO-თი ინტოქსიკაციით გარდაცვლილია 10 და მოწამლულია 51 ადამიანი.

მინდა, ჩვენს აბონენტებს მივმართო: ჩვენი წარმომადგენლები შემოწმებაზე აუცილებლად დაუშვან, ეს გეგმური შემოწმებაა. ამას გარდა, ჩვენ ზამთრის დადგომამდე კონტინგენტი დავამატეთ, რათა მოქალაქეების ბინები შემოწმდეს. ეს შემოწმება სრულიად უფასოა. ყველას მოვუწოდებთ, როდესაც ბინებში არასწორად დამონტაჟებულ დანადგარს აღმოვაჩენთ და ჩავხსნით, არსებულ ქსელზე ისევ არ მიაერთონ და ჩვენი თანამშრომლების მითითებებს ყური უგდონ.

უკანასკნელ 10 თვეში მოწამლული და გარდაცვლილი აბობენეტების 90 % ნაქირავებ და ნაგირავებ ბინებში ცხოვრობდა. კიდევ ერთხელ მინდა, მოქალაქეებს, ჩვენს აბონენტებს შევახსენო: სანამ ბინის დაქირავებას ან დაგირავებს გადაწყვეტთ, აუცილებლად ცხელ ხაზზე – 2 40 40 04- ზე მოგვმართეთ, შემოწმება მოთხოვეთ და ჩვენი სპეციალისტები უფასოდ, მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში მოვლენ და შეამოწმებენ, შესაბამის მითითებას მოგცემენ. ამასთან ერთად, ბინებში გაჟონილი გაზის დაგროვების ფაქტებმა ძალიან მოიმატა. კიდევ ერთხელ მინდა, ჩვენს აბონენტებს მოვუწოდო: ყურადღებით იყავით, სახლიდან გასვლის წინ გაზის ონკანები აუცილებლად გადაკეტეთ, ხოლო, გაზის სუნის არსებობის შემთხვევაში, იქნება ეს სადარბაზოში, ქუჩაში თუ ბინაში, სასწრაფოდ დარეკეთ 114-ზე. ეს ჩვენი საავარიო სამსახურის 24 -საათიანი ნომერია. ისინი ადგილზე მოვლენ და შესაბამის ზომებს მიიღებენ“, – განაცხადა ლეფსევრიძემ.

წყარო: kvira.ge

Leave a Reply

Menu Title