ირანი მოითხოვს გარანტიას, რომ აშშ უერთგულებს აღდგენილ ბირთვულ შეთანხმებას

ირანის პრეზიდენტმა ებრაჰიმ რაისიმ კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი მოთხოვნა – გარანტია, რომ აშშ აღარ გამოეთიშება ირანის ბირთვული პროგრამის შემზღუდველ ხელშეკრულებას, თუკი მოლაპარაკებები, რომლებიც ამ ხელშეკრულების აღდგენას ემსახურება, წარმატებული აღმოჩნდება.

21 სექტემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას, რაისიმ ილაპარაკა აშშ-ის მხრიდან ხელშეკრულების დატოვებაზე და თქვა: “ამ გამოცდილებით და ამგვარი პერსპექტივით, შეგვიძლია კი უგულებელვყოთ გარანტიის მნიშვნელოვანი საკითხი სიცოცხლისუნარიანი ხელშეკრულებისთვის?”. რაისის თქმით, ირანი არ ცდილობს ბირთვული იარაღის შექმნას ან მოპოვებას.

ამავე დროს, რაისი შეეცადა დაეცხრო კრიტიკა 22 წლის ქალის, მაჰსა ამინის სიკვდილის გარშემო – ამინი თეირანში მორალის პოლიციამ დააკავა ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევისთვის და დაკავებიდან სამ დღეში იგი გარდაიცვალა. რაისის თქმით, ირანი “უარყოფს ზოგიერთი მთავრობის მხრიდან ადამიანის უფლებების მიმართ გამოჩენილ გარკვეულ ორმაგ სტანდარტებს”. სანამ არსებობს “ორმაგი სტანდარტი, როცა ყურადღება მხოლოდ ერთ მხარეს ექცევა და არა ყველას თანაბრად, ნამდვილი სამართალი… არ გვექნება. … ადამიანის უფლებები ყველას ეკუთვნის, მაგრამ, სამწუხაროდ, მას ბევრი მთავრობა არღვევს უხეშად”, – განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.

წყარო: radiotavisupleba.ge

Leave a Reply

Menu Title