„წიაღის მოპოვების დროს რესურსის მაქსიმალური, ეფექტიანი ათვისება და ასევე, გარემოსდაცვითი მაღალი სტანდარტების დანერგვა წიაღის მოპოვებისთვის არის ჩვენი მიზანი“

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე და კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ხატია წილოსანი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს – რემი პელონს, ნარინე თადევოსიანს და აბდულაზიზ ფაღის შეხვდნენ. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მხარეებმა წიაღის სექტორში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტებისა და იმ რეფორმების შესახებ იმსჯელეს, რომლებიც მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფრო ეფექტური ფუნქციონირებისთვის არის საჭირო. საუბარი, ასევე, შეეხო ჩვენი ქვეყნის ბუნებრივ და სოციალურ – ეკონომიკურ გარემოზე სამთო–მოპოვებითი მრეწველობის ზეგავლენას და მისი პასუხისმგებლიანი ფუნქციონირების პერსპექტივებს.

მაია ბითაძის განცხადებით, წიაღის სექტორი კომიტეტისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. დეპუტატებმა არაეფექტიანი წიაღისეულის მოპოვებასა და მის გადამუშავებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულირების ინსტრუმენტებზე მუშაობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.

„წიაღის მოპოვების დროს რესურსის მაქსიმალური, ეფექტიანი ათვისება და ასევე, გარემოსდაცვითი მაღალი სტანდარტების დანერგვა წიაღის მოპოვებისთვის არის ჩვენი მიზანი. თემატური მოკვლევა რომლის განხორციელებაც დავგეგმეთ, იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი, რომ ზუსტად განვსაზღვროთ საჭიროებები და შევქმნათ ერთგვარი მოქმედების გეგმა, რაც იქნება წიაღისეულის მოპოვებისა და გადამუშავების დარგში მნიშვნელოვანი ცვლილებების სტიმული. მინდა, მადლიერება გამოვხატო მსოფლიო ბანკის მიმართ თანამშრომლობისთვის და განხორციელებული და დაგეგმილი პროექტებისთვის, რომლებსაც უდიდესი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის მდგრადი განვითარების გეგმებთან დაახლოებაში“, – განაცხადა მაია ბითაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

შეხვედრაზე მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოში დაგეგმილი პროექტების განხორციელების პროცესში მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

Leave a Reply

Menu Title