ჩრდილოატლანტიკური საბჭო: ბალტიის ზღვაში „ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენების დაზიანების შესახებ შეგროვებული ინფორმაცია დივერსიაზე მიუთითებს

ჩრდილოატლანტიკურ საბჭოში განაცხადეს, რომ ბალტიის ზღვაში „ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენების დაზიანების შესახებ შეგროვებული ინფორმაცია დივერსიაზე მიუთითებს.

ჩრდილოატლანტიკურ საბჭოში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მილსადენების დაზიანება ღრმა შეშფოთებას იწვევს.

„ეს გაჟონვები ტრანსპორტირებისთვის რისკებს იწვევს და გარემოს არსებით ზიანს აყენებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ გამოძიებას, რომელიც მიმდინარეობს დაზიანების წარმოშობის დასადგენად. ნებისმიერი მიზანმიმართული თავდასხმა მოკავშირეების კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე ერთიან და მტკიცე პასუხს მიიღებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

28 სექტემბერს, ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენზე აღმოჩენილი გაჟონვა დივერსიის შედეგია.

„ჩვენს ძვირფას მოკავშირე, დანიის თავდაცვის მინისტრ მორტენ ბოდსკოვთან განვიხილეთ დივერსია „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენებზე. ჩვენ ნატოს ქვეყნებში კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის საკითხი განვიხილეთ“, – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

„ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის გაზსადენმა, რომელიც რუსეთს გერმანიასთან ბალტიის ზღვის გავლით აკავშირებს, ორ წერტილში გაჟონა. მსგავსი გაჟონვა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაზსადენზე მოხდა.

Leave a Reply

Menu Title