სემეკმა განახლებული ტარიფები დაადგინა

სემეკმა განახლებული ტარიფები დაადგინა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 22 დეკემბრის საჯარო სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელა.

კომისიამ განიხილა შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისათვის“ შპს „მტკვარი ენერგეტიკასათვის“, შპს „ჯიფაუერისათვის“ გარანტირებული სიმძლავრის საფასურისა და გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების 2016 წლის ტარიფების; სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ ელექტროენერგიის გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის, ხოლო შპს „ენერგოტრანსისთვის“ ელექტროენერგიის გადაცემის 2016 წლის ტარიფების დადგენის შესახებ კომისიის აპარატის მიერ წარმოდგენილი პროექტები და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილებები. ტარიფების ყოველწლიურ გადახედვას ითვალისწინებს სატარიფო მეთოდოლოგია, რომელიც ეფუძვნება საერთაშორისო სტანდარტებსა და საუკეთესო პრაქტიკას.

22 დეკემბრის საჯარო სხდომაზე დამტკიცებული ტარიფები ამოქმედდება 2016 წლის პირველი იანვრიდან და ძალაში იქნება 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ (თბილსრესის N3,4 ბლოკები)

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისათვის“ გარანტირებული სიმძლავრის საფასური 2016 წლისათვის შეადგენს – 49 400 ლარი/დღეზე. მათ შორის:

N3 ბლოკი – 22 979 ლარი/დღე

N4 ბლოკი – 26 421 ლარი/დღე

გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ზღვრული ტარიფი (ზედა ზღვარი) განისაზღვრა 11.303 თეთრი/კვტსთ-ით. (ტარიფები მოცემულია დღგ-ს გარეშე).

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისათვის“ გარანტირებული სიმძლავრის საფასურისა და ელექტროენერგიის ზღვრული ტარიფის განსაზღვრის მიზნით კომისიაში საჯარო ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს დაიწყო. კომისიაში წინადადებების წარდგენის ბოლო ვადად 2015 წლის 27 ნოემბერი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების ბოლო ვადად – 2015 წლის 31 დეკემბერი განისაზღვრა.

შპს „მტკვარი ენერგეტიკა“ (თბილსრესის N9 ბლოკი)

შპს „მტკვარი ენერგეტიკასათვის“ გარანტირებული სიმძლავრის საფასური 2016 წლისათვის შეადგენს – 59 957 ლარი/დღეზე.

გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ზღვრული ტარიფი (ზედა ზღვარი) განისაზღვრა 10.748 თეთრი/კვტსთ-ით. (ტარიფები მოცემულია დღგ-ს გარეშე).

შპს „მტკვარი ენერგეტიკასათვის“ გარანტირებული სიმძლავრის საფასურისა და ელექტროენერგიის ზღვრული ტარიფის განსაზღვრის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს დაიწყო. კომისიაში წინადადებების წარდგენის ბოლო ვადად – 2015 წლის 27 ნოემბერი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების ბოლო ვადად 2015 წლის 31 დეკემბერი განისაზღვრა.

შპს „ჯიფაუერი“

კომისიის გადაწყვეტილებით შპს „ჯიფაუერის“ გარანტირებული სიმძლავრის საფასური 2016 წლისათვის შეადგენს – 41 671 ლარი/დღეზე.

გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ზღვრული ტარიფია (ზედა ზღვარი) – 8.460 თეთრი/კვტსთ. (ტარიფები მოცემულია დღგ-ს გარეშე).

შპს „ჯიფაუერისათვის“ გარანტირებული სიმძლავრის საფასურისა და გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის დადგენის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარე წლის 12 ნოემბერს დაიწყო. აღნიშნულ საკითხზე კომისიაში წინადადებების წარმოდგენის ბოლო ვადად 2015 წლის 11 დეკემბერი განისაზღვრა, ხოლო გადაწყვეტილების მიღების ბოლო ვადად – 2015 წლის 31 დეკემბერი.

სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“

სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფი განისაზღვრა 0.754 თეთრი/კვტსთ-ით, ხოლო დისპეტჩერიზაციის ტარიფი – 0.098 თეთრი/კვტსთ-ით. (ტარიფები მოცემულია დღგ-ს გარეშე).

სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ ელექტროენერგიის გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის დადგენის თაობაზე კომისიაში საჯარო ადმინისტრაციული წარმოება 2015 წლის 20 აგვისტოს დაიწყო. კომისიაში წინადადებების წარდგენის ბოლო ვადად 2015 წლის 22 სექტემბერი, ხოლო აქტის გამოცემის ბოლო ვადად – 2015 წლის 31 დეკემბერი განისაზღვრა.

შპს „ენერგოტრანსი“

შპს „ენერგოტრანსისთვის“ ელექტროენერგიის გადაცემის 2016 წლის ტარიფი 500 კვ ძაბვის საფეხურისთვის განისაზღვრა 0.42 თეთრი/კვტსთ-ით, 400 კვ ზაბვის საფეხურისთვის – 0.29 თეთრი/კვტსთ-ით. (ტარიფები მოცემულია დღგ-ს გარეშე).

შპს „ენერგოტრანსისათვის“ ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფის დადგენის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება 2015 წლის 20 აგვისტოს დაიწყო. კომისიაში წინადადებების წარმოდგენის ბოლო ვადად 2015 წლის 22 სექტემბერი, ხოლო აქტის გამოცემის ბოლო ვადად – 2015 წლის 31 დეკემბერი განისაზღვრა.

Leave a Reply

Menu Title