ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის ბაზაზე „მზის ფოტოელექტრული სისტემების მონტაჟის” პროფესიული კურსი დაიწყო.
კურსი ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრისა და საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) თანამშრომლობით შეიქმნა.
ჯგუფში ჭიათურასა და ზესტაფონში მცხოვრები 15 ახალგაზრდაა, მათ შორის – 3 ქალი. ხუთთვიანი სასწავლო კურსის ფარგლებში მონაწილეები სრულიად უფასოდ შეისწავლიან მზის ფოტოელექტრული სისტემების დაპროექტებას, მონტაჟსა და ექსპლუატაციას.
მსმენელებს ჩაუტარდებათ თეორიული კურსები განახლებადი ენერგიისა და გარემოსდაცვით საკითხებზე. კურსი მოიცავს ასევე პრაქტიკულ ნაწილს, რომელსაც ახალგაზრდები ლაბორატორიაში გაივლიან. გარდა ამისა, დაგეგმილია ექსკურსია მზის მოქმედ ელექტროსადგურზე.
კურსის ის ნაწილი, რომელიც უშუალოდ მზის ფოტოელექტრული სისტემების მონტაჟს ეხება, მომზადებულია “ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის” (ICCA) მიერ, რომელიც უახლოეს ხანებში გერმანიის საერთაშორისო საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით შესაბამის სახელმძღვანელოსაც გამოსცემს.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმერეთში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა მზის სისტემების მონტაჟის შესწავლა დაიწყეს. აღნიშნული პროფესია აუცილებელია ქვეყანაში ენერგეტიკის დარგის განვითარებისთვის, მაგრამ საქართველოს შრომის ბაზარზე ამ დრომდე დეფიციტურია. მზის ფოტოელექტრული სისტემების მონტაჟის პროფესიულ კურსს ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ვახორციელებთ. ჩვენი თანამშრომლობის მიზანია, ერთობლივად შევუწყოთ ხელი იმერეთის რეგიონში განახლებადი ენერგიის დარგში არსებული პროფესიების პოპულარიზებასა და პროფესიული განათლების განვითარებას,“- განაცხადა GREDA-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ გიორგი აბრამიშვილმა.