ელექტროენერგიის მომავალი ტენდენციები

როგორ შეუძლია დასავლეთს დედამიწის კლიმატური კრიზისისგან გადასარჩენად ტრილიონობით დოლარის მობილიზება

გასულ კვირაში ომის, ინფლაციის, ვალების, შიმშილის, რეცესიის შიშისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების თემები დომინირებს მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოველწლიურ შეხვედრებზე. მიუხედავად ამისა, ვაშინგტონში შეკრებილი პოლიტიკოსებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი კვლავ დედამიწის კლიმატური კრიზისისგან გადარჩენაა.

ეს კი განსაკუთრებით აშკარაა პაკისტანის მსგავსი ქვეყნებისთვის, რომლებიც ექსტრემალური ამინდის გავლენას საკუთარ თავზე უკვე გამოცდიან. თუმცა უფრო მეტად მნიშვნელოვანია, რომ მდიდარი ქვეყნების საერთაშორისო კრედიტორების უმსხვილესი აქციონერები დარწმუნდნენ კლიმატური ცვლილების პრობლემის პრიორიტეტულობაში.

შესაბამისად, დადებით ფაქტად შეფასდება ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის მდივნის ჯანეტ იელენის მსოფლიო ბანკისა და სხვა მრავალმხრივი განვითარების ბანკებისადმი (MDBs) მოწოდება, ფოკუსირდნენ გლობალურ საჭიროებებზე, მათ შორის ნაწილობრივ კერძო კაპიტალის გამოყენებით კლიმატურ კრიზისთან ბრძოლაზე. შტატებმა, სხვა ქვეყნების ჯგუფთან ერთად, მსოფლიო ბანკს გეგმის შესამუშავებლად ვადა დეკემბრამდე მისცა.

დასავლეთს პირადი ინტერესების მიზეზებიც აქვს ტრილიონობით დოლარის მობილიზებისთვის, რომლითაც ე.წ. „გლობალური სამხრეთის“ ღარიბ ქვეყნებს წიაღისეული საწვავისგან თავის დაღწევაში დაეხმარება. დასაწყისისთვის, მდიდარმა ქვეყნებმა გლობალური დათბობის პირდაპირი ზემოქმედებისგან უნდა დაიცვან თავი და ისეთი გადამდები ეფექტებისგან, როგორიცაა კლიმატური კრიზისით გამოწვეული მასობრივი მიგრაციები.

ინვესტიციების გაძლიერებას კი გეოპოლიტიკური სარგებელიც აქვს. რუსეთის შეჭრა უკრაინაში და ჩინეთის მიერ ტაივანზე მოსალოდნელი შეტევები გამოკვეთს დასავლეთის მხრიდან აუცილებლობას, მხარი დაუჭიროს თავის მოკავშირეებს დანარჩენ მსოფლიოში. მწვანე მიმართულებით ინვესტიციების ზრდა კი აღნიშნული მიზნის მისაღწევად ერთ-ერთი გზაა.

 

სად არის ტრილიონობით დოლარი?

სწორედ ამიტომ, G7-ის ქვეყნების ჯგუფმა, წლის დასაწყისში გასამართ სამიტზე, $600 მილიარდის ღირებულების ინფრასტრუქტურული თანამშრომლობა დააანონსეს. დასავლეთის ქვეყნებმა უკვე დადეს ხელშეკრულება სამხრეთ აფრიკასთანაც, ისინი აწარმოებენ მოლაპარაკებებს პარტნიორობაზე ვიეტნამთან, ინდონეზიასა და ინდოეთთან. G7-ს მწვანე ალტერნატივის უზრუნველყოფა სურს ჩინეთის მრავალტრილიონიანი დოლარის „სარტყლისა და გზის ინიციატივისთვის“, რომელმაც ინფრასტრუქტურის დაფინანსებით გააფართოვა პეკინის გავლენის სფერო განვითარებად სამყაროში.

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, მსოფლიოს ქვეყნები შეძლებენ, „დაინახონ კონკრეტული სარგებელი, „რომელსაც დემოკრატიებთან პარტნიორობით მიიღებენ“. ბრიტანეთის ახალი პრემიერი ლიზ ტრასიც კი, რომელიც ე.წ. „კლიმატური მეომარი“ სულაც არაა, ენთუზიაზმით არის განწყობილი ინიციატივისადმი.

G7-ის თანამშრომლობა კარგი დასაწყისია, მაგრამ მომავალი ხუთი წლის განმავლობაში $600-მილიარდიანი გეგმა აუცილებლად შესასრულებელი მიზნის მხოლოდ მცირედია. BlackRock-ის შეფასებით, ჩინეთის გამოკლებით, გლობალური სამხრეთის ქვეყნებს ყველა წყაროდან თავიანთი ეკონომიკის დეკარბონიზაციისთვის წლიურად $1 ტრილიონი დასჭირდებათ. რაც ექვსჯერ მეტია იმ თანხაზე, რომელსაც ქვეყნები ამ ეტაპზე იღებენ.

თანხების მოსაძიებლად კი ერთ-ერთი ეფექტიანი გზა კერძო ინვესტორებისგან სახსრების მიღებაა. ფინანსური ინსტიტუტების ჯგუფმა, რომელთა მფლობელობაში გასულ წელს $130 ტრილიონი იყო, პირობა დადო, რომ კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლას მათი მუშაობის ცენტრალურ საკითხად დააყენებენ. თუმცა თანხების გლობალურ სამხრეთში გადინება რთული საკითხია, ვინაიდან ინვესტორებს მიაჩნიათ, რომ შეთავაზებული ანაზღაურება რისკებს ვერ გაამართლებს.

 

მრავალმხრივი განვითარების ბანკების (MDB) მოწოდება

პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი გზაა MDB-ების მიერ მეტი ძალისხმევა განვითარებად ქვეყნებში რისკების შესამცირებლად. ეს ინსტიტუციები ხელსაყრელ მდგომარეობაშია ღარიბ ქვეყნებთან სამუშაოდ, რათა მათ ბაზრების ჩამოყალიბების, სტანდარტების დაწესებისა და მარეგულირებელი ჩარჩოების შექმნით, მწვანე ინვესტიციების მიღება შეძლონ. MDB-ებს პირდაპირი ინვესტიციების განხორციელება ისეთ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაშიც შეუძლიათ, როგორიცაა ელექტროქსელები, რომლებიც განახლებად ელექტროენერგიის გამომუშავებაში მეტი ინვესტიციის განსაბლოკადაა აუცილებელი.

პრობლემა ისაა, რომ MDBs-ს წარსულში არასდროს გამოუყენებია მისი ფინანსური ძალა და არც კერძო ინვესტორებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. თუმცა მოწოდება მოქმედებისკენ ოცდაათი ძირითადი ეკონომიკის ჯგუფის მიერ შემუშავებულ მოხსენებას ეყრდნობა, რომლის დასკვნითაც MDB-ებს, დამატებითი კაპიტალის მოზიდვის გარეშე, ინვესტიციების რამდენიმე ასეული მილიარდი დოლარით გაზრდა შეუძლიათ.

მიზეზი მათი, როგორც პრიორიტეტული კრედიტორების, სტატუსია, რაც ნიშნავს, რომ ისინი იშვიათად კარგავენ თანხას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მსესხებელი ვალდებულებას არ ასრულებს. ეს ყველაფერი კი იმიტომ, რომ მათ აქციონერების მიერ დაბანდებული $1.2-ტრილიონიანი კაპიტალი აქვთ, რომელიც ჯერ არ მოუთხოვიათ.

MDB-ებს მეტი კერძო ინვესტიციის მოზიდვაც შეუძლიათ – მაგალითად, მათი ჯგუფური სესხებით წარმოდგენილი ფასიანი ქაღალდების გაყიდვით, რაც კაპიტალს ახალი პროექტებისთვის გამოათავისუფლებს. კლიმატის კვლევითი ცენტის, E3G0-ის განცხადებით, თუ G7-ის ქვეყნები ამას საკრედიტო გარანტიით უზრუნველყოფენ, საპენსიო ფონდები და კომპანიები მათში ინვესტირებასაც მოახერხებენ. G7-ს შეუძლია, გამოიყენოს გარანტიები რამდენიმე სხვა გზით, რათა გლობალურ სამხრეთში მწვანე ინვესტიციები მიმზიდველი გახდეს კერძო ინვესტორებისთვის. ლიბერალური ქმედების შემთხვევაში კი ტრილიონობით დოლარის მობილიზებაც მოხერხდება.

მაგრამ მდიდარი ქვეყნები ასევე მზად უნდა იყვნენ, მეტი კაპიტალი ჩადონ იმ MDB-ებში, რომლებსაც აქვთ ყველაზე ამბიციური და სანდო გეგმები პლანეტის გადასარჩენად. ასეთი დაპირება შეიძლება იყოს მხოლოდ ის, რაც საჭიროა ინსტიტუციების მოტივაციისთვის.

წყარო: forbes.ge

Leave a Reply

Menu Title