UNESCO „კოლხური ტყეებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიებისთვის“ გრანტს გამოყოფს

დაცული ტერიტორიების სააგენტო, UNESCO-სთან და დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდთან თანამშრომლობით, ახალი საგრანტო პროექტის განხორციელებას იწყებს.

პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში UNESCO-ს პირველი მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნის „კოლხური ტყეების და ჭარბტენიანი ტერიტორიების“ პოპულარიზაციას, მისი მართვის ეფექტურობისა და მდგრადი ტურიზმის ხელშეწყობას, მათ შორის, აღნიშნული ტერიტორიების უნივერსალური ღირებულების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

პროექტის ფარგლებში, მოხალისეობრივი პროგრამის საშუალებით 20 ადგილობრივ ახალგაზრდას, შესაძლებლობა მიეცემა ჩაერთონ UNESCO-ს საიტის მართვის პროცესში, დასაქმდნენ „კოლხური ტყეების და ჭარბტენიანი ტერიტორიების“ მმართველ სტრუქტურაში, გაეცნონ დაცული ტერიტორიების მართვის სპეციფიკას, დაეხმარონ რეინჯერებს ყოველდღიური მოვალეობის შესრულებაში, მათ შორის, ბილიკების კეთილმოწყობა, ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობა, ბუნების დაცვა-შენარჩუნება და მონიტორინგი.

აღსანიშნავია, რომ პირველად საქართველოს ისტორიაში, 2021 წელს, UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხას, „კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები-ს“ სტატუსით, საქართველოს 4 დაცული ტერიტორია შეემატა. კოლხეთისა და მტირალას ეროვნული პარკები და ქობულეთისა და კინტრიშის დაცული ტერიტორიები.

პროექტი ხორციელდება UNESCO-ს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ) ფინანსური მხარდაჭერით.

Leave a Reply

Menu Title