განახლებადი ენერგია ტყის ხანძრების წინააღმდეგ

„ღმერთი გპატიობს ყოველთვის,

ადამიანი ზოგჯერ, ბუნება არასოდეს!“

პაპი ფრანცისკე |

კლიმატის ცვლილების გავლენა სულ უფრო და უფრო აქტიურად იგრძნობა – ბუნებრივი კატაკლიზმები წლების მანძილზე საგანგაშოდ გახშირდა დედამიწის სხვადასხვა წერტილში. ითვლებოდა, რომ ბოლო 139 წლის განმავლობაში მსოფლიოში ყველაზე მეტი კატასტროფა 2018 წელს დაფიქსირდა, თუმცა, 2022 წლის ზაფხულში გაჩენილმა ხანძრების თავისი მასშტაბურობითა და მნიშვნელობით თვით კლიმატის ცვლილების სკეპტიკოსებიც კი შეაშფოთა და დააფიქრა.

მიმდინარე წლის მონაცემებს რომ დავაკვირდეთ, დავინახავთ, რომ წელს ტყის ხანძრების რიცხვი მთელს მსოფლიოში საგანგაშოდ მაღალია. აღნიშნული ხანძრები თავისი მასშტაბურობითაც გამოირჩეოდა:

 

2022 წლის ზაფხული ტყის ხანძრების უჩვეულოდ დიდი რაოდენობით საქართველოც გამოირჩეოდა. ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში რამდენიმე ხანძარი გაჩნდა. სტატისტიკურ მონაცემებს აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აქვეყნებს:

 

ცხადი ერთი რამ არის: ტყის ხანძარი უაღრესად დიდ ეკონომიკურ, სოციალურ და გარემოსთან დაკავშირებულ ხარჯებს იწვევს. შეუძლებელია, ტყის ხანძრები სრულად ავირიდოთ თავიდან, მაგრამ სიტუაცია დიდად  გაუმჯობესდება ტყეების სწორი მართვით და ისეთი კანონმდებლობის მიღებით, რომელიც ყველა დაინტერესებულ მხარეს სათანადო სტიმულს შეუქმნის, რომ ტყეებს უკეთ მოუარონ და თავი შეიკავონ ისეთი ქცევისგან, რაც ტყის ხანძრის რისკს ზრდის.

აღნიშნულისთვის კი მნიშვნელოვანია ვიცოდეთ მათი გამომწვევი ყველა მიზეზი.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, კლიმატის ცვლილება არსებულ მეტეოროლოგიურ პირობებზე და ტყის ხანძრის გაჩენის ალბათობაზეც მოქმედებს. კლიმატის ცვლილებამ რამდენიმე მიზეზის გამო შეიძლება გაზარდოს ხანძრის რისკი:

  • გლობალური დათბობის გამო ცხელი სეზონები დაგრძელდა.  თბილი ამინდი უფრო ადრე დგება, ეს კი ნიშნავს, რომ თოვლი დნობას უფრო ადრე იწყებს, მიწა კი უფრო დიდხანს ინარჩუნებს სიმშრალეს. ამ ყველაფერის გამო ზაფხულის თვეები უფრო ცხელია, თბილი ამინდი კი შემოდგომაშიც გადადის. შესაბამისად, წლის განმავლობაში, ხანძრის სეზონის ხანგრძლივობაც იზრდება.
  • მაღალი ტემპერატურა უფრო მშრალ ამინდს იწვევს; ეს აორთქლებას უწყობს ხელს, ნიადაგიც წყლით ნაკლებად არის გაჯერებული. ეს გარემოებები არამხოლოდ ხანძრის გაჩენის ალბათობას ზრდის, არამედ ხანძართან ბძოლასაც ართულებს, რადგან ხანძარი უფრო სწრაფად ვრცელდება.
  • უფრო მშრალი და თბილის სეზონები, რომლებიც, ამასთანავე, უფრო დიდხანს გრძელდება, მავნე მწერებისთვის სახარბიელო პირობებს ქმნის, ისინი ზამთარს უფრო ადვილად იტანენ და მრავლდებიან. ამ მავნებლებს ხის სიკვდილის გამოწვევა შეუძლიათ, ისინი მათ აშრობენ, რის გამოც ხეები უფრო ადვილად ალდება. ამგვარად იქმნება ტყის ხანძრის გამომწვევი მეტი მიზეზი.
  • კლიმატის ცვლილებასთან ერთად, მსოფლიოში სულ უფრო ძლიერი ჭექა-ქუხილებია, ეს კი ზრდის მეხის და, მასთან ერთად, ტყის ხანძრის გაჩენის ალბათობას.

იმ ფონზე, რომ კლიმატის ცვლილება ზრდის ველური ხანძრების გაჩენის რისკს, ამ ფენომენთან ბრძოლის ეფექტური პოლიტიკის შემუშავება კიდევ უფრო პრიორიტეტული ხდება. მაშ, რა შეიძლება გაკეთდეს ველური ხანძრების თავიდან ასაცილებლად და მათთან საბრძოლველად?

ამისთვის აუცილებელია გავიაზროთ, თუ რა ითვლება კლიმატის ცვლილების მთავარ გამომწვევ მიზეზად.

კლიმატის ცვლილებისა და გლობალური დათბობის მთავარ მიზეზად სათბური გაზების გამოფრქვევა არის მიჩნეული. ფაქტობრივად, ბევრმა ქვეყანამ – მათ შორის საქართველომაც – ხელი მოაწერა პარიზის შეთანხმებას, რომლის მთავარი თემაა გლობალური დათბობა და რომელიც ქვეყნებს ავალდებულებს, გადადგან ნაბიჯები სათბური გაზების გამოყოფის შესამცირებლად.

ახლა გავიხსენოთ, ეკონომიკის რომელი სექტორი გამოირჩევა სათბური აირების ყველაზე დიდი რაოდენობით გაფრქვევით? ეს სექტორი გახლავთ ენერგეტიკა, უფრო კონკრეტულად კი ენერგეტიკა, რომელიც დაფუძვნებულია წიაღისეულ საწვავზე. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ წიაღისეული საწვავის მოხმარება ზრდის ტყის ხანძრების რისკს. შესაბამისად, განახლებად ენერგიის ისეთ წყაროებზე, როგორებიცაა მზე და ქარი, აქტიურად გადასვლა, მინიმუმამდე შეამცირებს სათბური გაზების ატმოსფეროში გაფრქვევას, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვან როლს შეიტანს გლობალური დათბობისა და კლიმატის ცვლილების, როგორც ტყის ხანძრების ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზის, შენელებაში.

გარდა ამისა, განახლებად ენერგიებზე გადასვლა და მსგავსი პროექტების სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანოების მიერ წახალისება, საუკეთესო საშუალებაა ზოგადად ტყეების გამეჩხერებასთან საბრძოლველად, რომლის გამომწვევი მიზეზიც ხანძრებთან ერთად ხე-ტყის უკანონოდ მოჭრაცაა.

საქართველოში 3 მილიონ ჰექტარზე მეტი უკავია ტყეს, აქედან 2 მილიონ 772 000 ჰექტარი არის ტყით დაფარული ზონა, აფხაზეთის და ოსეთის ჩათვლით. ბორჯომის მუნიციპალიტეტში კი ბოლო აღწერით, ტყეს 45 000 ჰექტარი ტყის ფართობი უკავია.

ხე-ტყის უკანონო ჭრა, მოპოვება და ბრაკონიერობა რომ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, ამაზე სფეროს ექსპერტები ერთხმად თანხმდებიან. მიზეზი ხშირად ფინანსური სარგებელთანაა დაკავშირებული, თუმცა ასანიშნავია ისიც, რომ ყველაზე ინტენსიურად ხე-ტყის უკანონო მოპოვება ხდება ქვეყნის ისეთ რეგიონებში, რომლების სუსტად, ან საერთოდ არაა გაზიფიცირებული, ანუ. ხდება ხე-ტყის მოჭრა მოპოვება გათბობის მიზნით. შესაბამისად, თუ მოხდება ისეთი პოლიტიკის შემუშვება, რომელიც წაახალისებს განახლებადი ენერგიების აქტიურად დანერგვასა და გამოყენებას მსგავს რეგიონებში, აღნიშნული მნიშვნელოვნად შეამცირებს შეშის მოხმარებას.

 

ბიოენერგია

ალტერნატიული ენერგეტიკის ერთ-ერთი მიმართულება გამორჩეულად მნიშვნელოვან როლს თამაშობს ტყის ხანძრებთან ბრძოლაში. ეს მიმართულება გახლავთ ბიოენერგია.

განახლებადი ენერგიის ხსენებული მიმართულება ბიონარჩენს იყენებს გათბობის საშუალებად, ან გარდაქმნის აღნიშნულ ნარჩენს სუფთა საწვავად, რომელიც არ გამოყოფს სათბურ აირებს.

გარდა ამისა, ტყეები სისტემატიურად უნდა გაიწმინდოს მსგავსი ადვილად აალებადი ბიონარჩენებისგან, მათ შორის მშრალი ხის, გირჩების, ნაფოტების, ფოთლებისა და ბალახისგან, რადგან ისინი მაღალ ტემპერატურაზე ადვილად ალდება.

შესაბამისად, ბიოენერგია მნიშვნელოვან როლს თამაშობს ერთდროულად სათბური აირების შემცირებასა და მოწყვლადი რეგიონების ენერგიის ალტერნატიული საშუალებით უზრუნველყოფაში, რაც თავის მხრივ საგრძნობლად ამცირებს, როგორც ტყის ხანძრების გაჩენის რისკს, ასევე ხე-ტყის უკანონოდ და უმართავად მოპოვება-გაჩეხვას.

გრძელვადიან პერიოდში და უფრო ფართო გადმოსახედიდან რომ შევხდეოთ საკითხს, საქართველოს შეუძლია შეუერთდეს გლობალურ ძალისხმევას და იზრუნოს სათბურის გაზის გამოფრქვევის შემცირებაზე, რაზეც პასუხისმგებლობა აიღო პარიზის ხელშეკრულებაზე ხელმოწერით. საქართველოს შეუძლია, წვლილი შეიტანოს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში და შეამციროს ხანძრის გამომწვევი ბუნებრივი პირობების დადგომა, არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში.

მოყვანილი მაგალითები და მიზეზები კიდევ ერთხელ გვარწმუნებს წიაღისეული საწვავის მოხმარების შემცირებასა და განახლებად, სუფთა ენერგიებზე გადასვლის აუცილებლობაში, ასევე, არსებული ენერგორესურსების გონივრულად და ეფექტიანად გამოყენებაში, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს კლიმატის ცვლილების, გარემოს დაბინძურებისა და სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლაში.

 

ნინო სამადაშვილი

 

Leave a Reply

Menu Title