თუ ახლა არ ვუშველეთ ენერგეტიკას ზამთარში შესაძლოა დიდი პრობლემები შეგვექმნას

როგორც არ უნდა ვიწვალოთ და ვიმიტინგოთ, ჰესები აუცილებლად გვჭირდება – ენერგეტიკოსი

„ნამახვანჰესის“ ინვესტორმა, თურქულმა კომპანია „ენკამ“ არბიტრაჟს მიმართა, მაგრამ როგორც ეკონომიკის მინისტრი ამბობს, მიუხედავად ამისა, პროექტი სტრატეგიული მნიშვნელობისაა და ის აუცილებლად განხორციელდება.

„ენკამ” ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო და არბიტრაჟს მიმართა, თუმცა კომპანიასთან დიალოგის რეჟიმში ვართ. საუბარია სხვადასხვა ტიპის ცვლილებაზე, რომელიც შეიძლება არსებულ შეთანხმებაში შევიდეს, რადგან ეს მნიშვნელოვანი, სტრატეგიული პროექტი განხორციელდეს. ამ ფორმატით, თუ სხვა ფორმატით, ეს პროექტი აუცილებლად განხორციელდება. უახლოეს პერიოდში მოლაპარაკებების შედეგად დამატებითი ინფორმაცია გვექნება”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ენერგეტიკოსი გია არაბიძე „კომერსანტთან“ ჰესების მნიშვნელობაზე და სახელმწიფოს მხრიდან გადასადგმელ ნაბიჯებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ პროექტში აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული სოციალური მიმართულება, რომ ავიცალოთ ხალხის გამოსვლები და ამის გამო ინვესტორების ქვეყნიდან გასვლა.

„როგორც არ უნდა ვიწვალოთ ჩვენ და როგორც არ უნდა ვიმიტინგოთ, აუცილებლად დაგვჭირდება ჰესების აშენება, რადგან ამის გარეშე უკვე ვეღარ გავდივართ. ერთადერთი რაც გვაქვს, ეს არის ჩვენი ჰიდრორესურსი და მოხმარება კი ვხედავთ ყოველთვიურად როგორ იზრდება, გენერაციის დაწევა კი არ ხდება. თუმცა სხვა საკითხია რა სიმძლავრის, რა პროექტის და რა იდეოლოგიის ჰესი უნდა ავაშენოთ. პირველ ეტაპზე უნდა შევთანხმდეთ რომ გვჭირდება და უნდა აშენდეს, პრიორიტეტების მიხედვით გვჭირდება ჰიდრო ანუ განახლებადი ენერგია და შემდგომ სხვა დანარჩენი. მეორე ეტაპზე პროექტზე ცალკე უნდა ვიმსჯელოთ. პირველად უნდა დასაბუთდეს ამ სადგურის ენერგეტიკული საჭიროება, აქვს თუ არა ქვეყანას ენერგეტიკულად მოთხოვნა მისი მშენებლობისთვის. შემდეგ უნდა ვნახოთ ეკონომიკურად ეს სადგური რამდენად არის მისაღები, შემდეგ ეკონომიურად არის თუ არა მისაღები ქვეყნისთვის და ეკოლოგიურად რამდენად უსაფრთხოა, ეს ყველა კომპონენტი რომ გაერთიანდება, მერე უნდა დავკრათ ბარი და დავიწყოთ მშენებლობა. ბუნებრივია პროექტში სასიცოცხლოდ უნდა იყოს გათვალისწინებული სოციალური მიმართულება, რომ ავიცილოთ ხალხის გამოსვლები და ამის გამო ინვესტორების გასვლა“, — აღნიშნავს გია არაბიძე.

2021 წლის სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ ENKA-მ, რომელიც რიონის ხეობაში ნამახვანჰესს აშენებდა, საქართველოს მთავრობას ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ აცნობა. ამ გადაწყვეტილების საფუძვლად ინვესტორმა კომპანიამ დაასახელა საქართველოს მთავრობის მხრიდან კონტრაქტის პირობების დარღვევა და ფორსმაჟორული გარემოების არსებობა.

წყარო: commersant.ge

Leave a Reply

Menu Title