ევროკავშირის ერთდროულად ორმა ქვეყანამ განაცხადა იმ სტრუქტურების ნაციონალიზაციის შესახებ, რომლებიც მანამდე რუსეთის „ეროვნულ მონაპოვარს“ – გაზპრომს ექვემდებარებოდნენ. პოლონეთის განვითარებისა და ტექნოლოგიების მინისტრმა ველდემარ ბუდამ ორშაბათს გამოაქვეყნა გადაწყვეტილება, რომლის თანახმად პოლონეთი გაზპრომის წილს გადაიფორმებს კომპანია EuRoPol Gaz–ში. ეს კომპანია „იამალ–ევროპის“ გაზსადენების ქსელის პოლონეთის მონაკვეთს აკონტროლებს.
იმავე დღეს, როგორც ბრიტანული Financial Times წერს, რუსული გაზის კონცერნის ადგილობრივი შვილობილი კომპანიების ნაციონალიზაციის შესახებ განაცხადა გერმანიამ. Gazprom Germania–ს ამიერიდან Securing Energy for Europe GmbH (SEFE) ეწოდება. გერმანიის ხელისუფლებაში მიიჩნევენ, რომ ნაციონალიზაცია ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვისაა გარდაუვალი: SEFE–ზე ირიბად არის დამოკიდებული გერმანიის უდიდესი გაზსაცავი რედენსა და ქვემო საქსონიაში. ევროკომისიამ ამ პრობლემის გადასაწყვეტად 12 ნოემბერს 225,6 მლნ ევრო გამოყო.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გერმანიამ რუსულ გაზზე დამოკიდებულების ეტაპობრივი შემცირების შესახებ განაცხადა. მანამდე გერმანიის მთლიანი მოხმარების 40% რუსეთიდან მარაგდებოდა, დღეს კი ეს მაჩვენებელი მხოლოდ 7%–ს შეადგენს.
წყარო: gbc.ge