თურქეთი შავი ზღვის გაზსადენით „საქარიას“ საბადოდან გაზის მიწოდების პირველი ეტაპი ითვალისწინებს 10 მლნ კუბ/მ ლურჯი საწვავის ყოველდღიურ ჩატვირთვას ქვეყნის გაზის განაწილების სისტემაში. ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა განაცხადა.
მინისტრის თქმით, საბადოს განვითარების შემდგომ ეტაპზე, დღიური მოცულობა 40 მილიონ კუბ/მ-ს მიაღწევს.
მისი თქმით, შავი ზღვის ახალი საბადო არა მხოლოდ ხელს შეუწყობს თურქეთის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, არამედ საშუალებას მისცემს წარმოებული გაზის ნაწილის ექსპორტს თრაკიას გაზის საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის მეშვეობით.
რაც შეეხება თურქეთის ჩრდილო-დასავლეთში ამ ცენტრის შექმნის გეგმებს, დონმეზმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე საგზაო რუკა წლის ბოლომდე მზად იქნება.
თურქეთის ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ 2022 წლიდან 2026 წლამდე პერიოდში რესპუბლიკის 299 დასახლების გაზიფიცირება იგეგმება.
აღსანიშნავია, რომ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა 2020 წლის 21 აგვისტოს განაცხადა რომ თურქეთმა შავ ზღვაში 320 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი გაზი აღმოაჩინა. მისი თქმით, ესაა „ისტორიული მნიშვნელობის კარგი ამბავი“ ქვეყნისთვის, რომელიც თითქმის მთლიანად არის დამოკიდებული იმპორტირებულ ენერგომატარებლებზე. პრეზიდენტმა მაშინ თქვა, რომ ბუნებრივი აირი აღმოჩენილია საქარიას საბადოში, ქალაქ ზონგულდაქის ჩრდილო-აღმოსავლეთით, და დასძინა, რომ ანკარა გეგმავს, უკვე 2023 წელს მიაწოდოს ეს გაზი ადგილობრივ ბაზარს.
როგორც ცნობილია, თურქეთი შავი ზღვის გაზსადენის მშენებლობის დასრულებას მიმდინარე თვეში გეგმავს, ხოლო შავ ზღვაში არსებული საბადოდან გაზის გადატანას 2023 წლის პირველ კვარტალში ვარაუდობს. როგორც ცნობილია ქვეყანამ შავი ზღვის ფსკერზე მილსადენის მშენებლობა მიმდინარე წლის ივნისიდან დაიწყო, რომელიც ზღვაში მდებარე საბადოს ხმელეთს დააკავშირებს, შემდეგ კი – ეროვნულ გაზგამანაწილებელ ქსელს.
წყარო: commersant.ge