აშშ და ჩინეთი კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის კუთხით თანამშრომლობის განახლებაზე შეთანხმდნენ

G20-ის სამიტზე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შეხვედრა, 2017 წლის შემდეგ პირველად, ჩინეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტებს შორის შედგა. ჯო ბაიდენი და სი ძინპინი, სხვა საკითხებთან ერთად, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით თანამშრომლობის აღდგენაზე შეთანხმდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ დიალოგის მექანიზმების განახლების შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა, ორივე მხარემ ქვეყნებს შორის, მაღალი თანამდებობის პირების დონეზე, კომუნიკაციების გაძლიერების სურვილი გამოთქვა. ჩინეთსა და ამერიკის  შეერთებულ შტატებს შორის დიალოგის აღდგენას დადებითად შეხვდნენ კლიმატის დამცველები მთელ მსოფლიოში.

„სათბური ემისიებით მსოფლიოს ორი უმსხვილესი დამბინძურებელი უნდა იყოს კოოპერაციული და ამბიციური“, – განუცხადა Reuters-ს ესპანეთის კლიმატის მიმართულების მინისტრმა ტერესა რიბერამ. კლიმატური კრიზისის წინააღმდეგ საბრძოლველად ორი უმსხვილესი ეკონომიკის ერთობლივ მუშაობას მიესალმა გარემოსდაცვითი ჯგუფის „ბუნებრივი რესურსების თავდაცვის საბჭოს“ პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი მანიშ ბაპნა.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოში, ტაივანში, აშშ-ის სპიკერის ნენსი პელოსის ვიზიტის შემდეგ, პეკინმა ვაშინგტონთან ოფიციალური დიალოგის არხები შეაჩერა, მათ შორის ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კლიმატური ცვლილებები.

წყარო: forbes.ge

Leave a Reply

Menu Title