პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინელებს ისევ მოუწოდა ელექტროენერგიის ეკონომიისკენ

უკრაინაში გრძელდება ქვეყნის ენერგოობიექტებზე რუსეთის მასირებული დარტყმებით გამოწვეული ენერგოკრიზისი. უკრაინის სახელმწიფო ენერგოკომპანიის ინფორმაციით, დღეს, 22 ნოემბერს ქვეყნის ყველა რეგიონში ისევ იქნება ელექტროენერგიის ე.წ. გეგმური გათიშვა. კომპანიის განცხადებით, სარაკეტო დარტყმების 6 ტალღის შემდეგ, უკრაინის ენერგოსისტემა სრულად ჯერ კიდევ ვერ აღდგა და მთელი დატვირთვით მუშაობა არ შეუძლია.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ წუხანდელი ვიდეომიმართვისას უკრაინის მოქალაქეებს და ბიზნესს კიდევ ერთხელ მოუწოდა ელექტროენერგიის ეკონომიისკენ. ზელენსკის თანახმად, 21 ნოემბერს ენერგეტიკოსები იძულებული გახდნენ ელექტროენერგიის მიწოდება არაგეგმურადაც შეეწყვიტათ, რადგან მოხმარება იყო იმაზე ბევრად მეტი, რისი უზრუნველყოფაც ქვეყანას ამ ეტაპზე შეუძლია.

უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, 21 ნოემბერს, საღამოს, განსაკუთრებით რთული სიტუაცია იყო დედაქალაქ კიევში და კიევის, ვინიცის, სუმის, ოდესის ოლქებსა და სხვა ქალაქებსა და რაიონებში. ზელენსკიმ მოქალაქეებს მიმართა, განსაკუთრებით პიკის საათებში შეზღუდონ ელექტროენერგიის პირადი მოხმარება და ეკონომიისკენ მოუწოდა ბიზნესს და საჯარო სივრცეებსაც.

ოქტომბერსა და ნოემბერში რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის ენერგოობიექტებზე რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით მიიტანეს არაერთი მასირებული შეტევა. უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა 18 ნოემბერს განაცხადა, რომ მწყობრიდანაა გამოსული ენერგოსისტემის დაახლოებით 50%.

წყარო: radiotavisupleba.ge

Leave a Reply

Menu Title