გაზის შესახებ რუსეთთან აზერბაიჯანის შეთანხმება ევროპას უსიამოვნო კითხვებს უჩენს

აზერბაიჯანმა რუსეთთიდან გაზის იმპორტი დაიწყო შეთანხმების ფარგლებში, რომელმაც ბაქოს შიდა მოთხოვნის დაკმაყოფილების საშულება უნდა მისცეს. თუმცა ეს სერიზულ კითხვებს იწვევს უშუალოდ ბოლო შეთანხმებების ირგვლივ, რომელიც ევროპაში გაზის ექსპორტის გაზრდას ეხება. ამის შესახებ Eurasianet-ი წერს.

რუსულმა სახელმწიფო კომპანია „გაზპრომმა“, რომელიც გაზის მოპოვებითა და ექსპორტით არის დაკავებული, 18 ოქტომბერს განაცხადა, რომ 15 ნოემბრიდან აწვდის გაზს აზერბაიჯანულ SOCAR-ს და 2023 წლის მარტამდე მილიარდამდე კუბური მეტრი გაზი უნდა მიაწოდოს.

როგორც გამოცემა წერს, მათ კითხვით მიმართეს აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროსა და SOCAR-ს და სთხოვეს დაედასტურებინათ, არსებობს თუ არა ასეთი შეთანხმება, თუმცა მათივე ცნობით, პასუხი არ მიუღიათ.

„ეს შეთანხმება გაფორმდა ზუსტად პიკური მოთხოვნის წინ, რომელიც ზამთრის შუა პერიოდზე მოდის. აზერბაიჯანი შეეცდება ქვეყნის შიგნით გაზის მომხმარებლებისთვის მიწოდება უზრუნველყოს და ამავდროულად შეასრულოს საექსპორტო ვალდებულებები საქართველოსთან და თურქეთთან მიმართებით“, – აღნიშნულია სტატიაში.

მათივე ცნობით, იგეგმებოდა, რომ მიმდინარე წელს ევროპაში ექსპორტი, სამხრეთ კავკასიის გაზსადენის გავლით, 10 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევდა, თუმცა ევროკავშირთან ახალი მემორანდუმის თანახმად, რომელიც ივლისში გაფორმდა, ბაქო ვალდებულია ექსპორტის მოცულობა 12 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდოს.

„ეს ბრიუსელს უნდა დაეხმაროს რუსული გაზის დანაკარგის ნაწილობრივ კომპენსირებაში, რომლის მიწოდება მოსკოვმა ევროპული სანქციების საპასუხოდ შეწყვიტა. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეთანხმება ფართოდაა განხილული როგორც ბრიუსელში, ისე ბაქოში, მაინც არ არის გასაგები, ზუსტად საიდან უნდა გაჩნდეს ზედმეტი გაზი“, – წერს Eurasianet.

ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით სირთულეები ჯერ კიდევ სექტემბერში გაჩნდა, როდესაც აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა, პარვიზ შახბაზობმა განაცხადა, რომ ამ წელს აზერბაიჯანი ევროპაში მხოლოდ 11,5 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ექსპორტს განახორციელებს, თუმცა საერთო მოცულობის ასე შემცირების შესახებ მას განმარტება არ გაუკეთებია. „კვლავინდებურად გაურკვეველია, საიდან მოვა, თუნდაც ასეთი შემცირებული მოცულობის გაზი“, – აღნიშნავს გამოცემა.

როგორც გამოცემა წერს, ფაქტი, რომ ამ ზამთარს აზერბაიჯანი რუსეთიდან გაზის იმპორტს გეგმავს, იძლევა იმის ფიქრის საშუალებას, რომ ბაქო აპირებს რუსული გაზი საკუთარ, შიდა ბაზარზე მოიხმაროს, რათა საკუთარი გამოათავისუფლოს და ამრიგად, ბრიუსელის წინაშე ნაკისრი ვალდებულება შეასრულოს.

„სანქციები, რომელიც ევროკავშირმა რუსეთს დაუწესა, აზერბაიჯანს არ ეხება და მას შეუძლია რუსეთიდან იმდენი გაზის იმპორტი განახორციელოს, რამდენიც მას სურს“, – წერს გამოცემა.

წყარო: imedinews.ge

Leave a Reply

Menu Title