გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა ტყის კოდექსში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე, პირველი მოსმენით, „საქართველოს ტყის კოდექსში” შესატანი ცვლილებები განიხილეს.

პარლამენტის ინფორმაციით, მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა წარადგინა.

ცვლილებების მიხედვით, ზუსტდება და წესრიგდება ტყის მართვის ორგანოს მიერ ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი პირისთვის სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის შემთხვევაში მისი ადგილზე განხილვის წესი. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს უფლებამოსილებას ეძლევა ადმინისტრაციული წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტები შეადგინოს. მომხსენებლის განმარტებით, იცვლება საშეშე მერქნის მოპოვებისათვის ხე-ტყის დამზადების ბილეთის გაცემის ვადა რომელიც 2023 წლის 1 იანვრის ნაცვლად 2026 წლის 1 იანვრამდე გადაიწევს.

„იმისთვის, რომ ჩვენს მოსახლეობას საშეშე მერქნულ რესურსზე წვდომა არ შეუფერხდეს, ჩვენ შემოვდივართ ინიციატივით, რომ სოციალური ჭრების გაუქმების საკითხი დროებით გადავადდეს და ეს სამწლიანი პერიოდი ჩვენ აქტიურად გამოვიყენოთ იმისთვის, რომ საქმიანი ეზოების მოწყობა, აღჭურვა და სატყეო სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერება მომზადებული დავახვედროთ ამ პროცესების პრაქტიკაში იმპლემენტაციას”, – განაცხადა მომხსენებელმა.

ცვლილების მიხედვით, ტყის მართვის ორგანოს უფლებამოსილება ენიჭება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას ადგილზე განიხილოს სამართალდარღვევის საქმე, თუკი პირი დანაშაულს აღიარებს და საქმის სასამართლოში გაგზავნის გარეშე ადგილზე მიიღოს გადაწყვეტილება, გამოსცეს საჯარიმო ქვითარი და სააღსრულებო ფურცელი. ცვლილებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2023 წლის პირველ აპრილამდე უნდა დაამტკიცოს „ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების ფორმების, მათი შევსების, ჩაბარების, წარდგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი. ცვლილება ასევე შედის „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” რომლის თანახმად, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომელს უფლება ენიჭება, შეადგინოს და გასცეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისთვის საჭირო დოკუმენტები.

„წარმოდგენილი საკითხები სოციალური თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისთვის, რათა მათ მაქსიმალურად მიეცეთ შესაძლებლობა, შეზღუდული ვადების გარეშე ჰქონდეთ უწყვეტი წვდომა საშეშე მერქანზე. კოვიდპანდემიიდან გამომდინარე მოხდა ამ ცვლილებების ძალაში შესვლის გადავადებაზე მომართვა. ვფიქრობ, საკმარისი დრო არის გათვალისწინებული იმისთვის, რომ ტყის მართვის ორგანოს მიეცეს შესაძლებლობა მოემზადოს და საკითხი იყოს სრულყოფილად დარეგულირებული მოსახლეობის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით”, – განაცხადა სხდომის თავმჯდომარემ, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ხატია წილოსანმა.
კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილ საკანონმდებლო ინიციატივებს მხარი ერთხმად დაუჭირეს.

Leave a Reply

Menu Title